|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ერთჯერადი კანონი“ და ახალი საარჩევნო ოლქები იმერეთში

2016 წელს ამომრჩევლები მაჟორიტარ დეპუტატებს ახალ საარჩევნო ოლქებში აირჩევენ.  "ქართული ოცნების“  მიერ წარდგენილი ცვლილების მიზნად საპარლამენტო არჩევნების ხმის თანასწორობის პრინციპის დაცვით ჩატარება სახელდება.  თუმცა, კოალიციის პროექტი უმრავლესობის ცალსახა მხარდაჭერითაც არ სარგებლობს. ასევე შენიშვნები აქვს ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს.

ახალი კანონპროექტით, საარჩევნო ოლქების საზღვრები და ოლქების შექმნის წესი, 2016 წლის არჩევნებისთვის ახლებურად განისაზღვრება,  ისე,   რომ ოლქების რაოდენობა არ შეიცვლება.  73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაემთხვევა, 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების, ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, დედაქალაქში კი, ამჟამად არსებული 10-ის ნაცვლად, 19 მაჟორიტარული ოლქი იარსებებს. 150 დეპუტატიდან 73 მაჟორიტარული 77 პროპორციული წესით იქნება არჩეული.

11 სამაჟორიტარო ოლქი დარჩება იმერეთში, თუმცა იცვლება ოლქების საზღვრები. ქუთაისი სამ ოლქად დაიყოფა და შესაბამისად, სამი მაჟორიტარი, როგორც ქუთაისში ხუმრობენ „სამი გუბაზი“ ეყოლება. ამასთან, ქუთაისს  თერჯოლის სოფლები დაემატება. შესაბამისად,  თერჯოლა საკუთარი მაჟორიტარის გარეშე რჩება,  მისი დარჩენილი ნაწილი ტყიბულს უერთდება.

როგორც ოლქების ახალ საზღვრებთან, ასევე შერეული მაჟორიტარული სისტემის დარჩენის გამო შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, ძველი კანონით იყო დისბალანსი ამომრჩეველთა რაოდენობას შორის. მაგალითად, თუ ყაზბეგი ირჩევდა ერთ მაჟორიტარს, ამდენივე მაჟორიტარი ჰყავდა ქუთაისს, რომელსაც გაცილებით მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ამიტომ საუბრობდნენ იმაზე, რომ მეტ ამომრჩეველს, მეტი ხმა უნდა ჰქონოდა პარლამენტში. მოხდა ცვლილებები, თუმცა კითხვის ნიშნები კვლავ დარჩა.

"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ 2016 წელსაც საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო პროპორციული, მაგრამ კვლავ დარჩა შერეული სისტემა, თუ გამოსწორდა დისბალანსი ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, ბევრი სხვა  კითხვა დარჩა.  ახალი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს იმ ძირეული ნაბიჯების გადაგდმას რაც აუცილებელია", – აცხადებს გიორგი სანტურიანი. მისივე განცხადებით,  მთავარ პრობლემად დარჩება მოქალაქეების მაჟორიტართან კომუნიკაციის საკითხი.

"მოქალაქეები ვერ შეძლებენ სხვა რაიონებში ჩასვლას, რაც მათ კომუნიკაცის პრობლემას შეუქმნის. ასევე აღმოვჩნდებით მოქალაქეთა იდენტიფიცირების პრობლემის წინაშე, ერთი რაიონის ამომრჩეველი ვერ მოახდენს იდენტიფიცირებას სხვა ოლქის ამომრჩეველთან. მაგალითად, ვანისა და ხონის ოლქები გააერთიანეს, ისე რომ მათ საერთო საზღვარიც კი არ აქვთ და მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტია. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონპროექტის არსებული სახე სწორედ მოქალაქეების ნაკლებჩართულობის გამო მოხდა",–აცხადებს სანტურიანი.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტს უმრავლესობის მიერ კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობად აფასებს.  უმრავლესობაში კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ახალი კანონპროექტში მოქალაქეთა ინტერესის უგულებელყოფასა და  მათთვის პრობლემის შექმნას ხედავს ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი სამსონ გუგავა. მისი განცხადებით, მაჟორიტარები არიან მილიონერები, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად სჭირდება.

"ჩვენ ვითხოვთ, საერთოდ გაუქმდეს სამაჟორიტარო უბნები, რადგან მაჟორიტარები რეალურად არაფერს აკეთებენ და ხელისუფლებას მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ  თავიანთი მილიონებით მოისყიდონ ამომრჩევლები და ოპოზიციური პარტიებისთვის არაჟანსაღი საარჩევნო გარემო შექმნან. რაც შეეხება საარჩევნო ოლქებს, გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდა დაყოფა და როგორ დააჯგუფეს ოლქები.  ეს ცვლილება იმიტომ ხდება,  რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, რეალურად კი,  ხალხი არავის აინტერებს.  არცერთ მაჟორიტარს არაფერი გაუკეთებია და სამი მაჟორიტარი ხომ ააყვავებს ამ ქალაქს?"–აცხადებს სამსონ გუგავა.

საარჩევნო ოლქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი. გია თევდორაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში ქუთაისი სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ნაკლებად წამგებ სიტუაციაშია. თუმცა ეჭვობს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველმა გუნდმა კარგად იცის საარჩევნო ოლქების საზღვრების შესახებ, რაც მათ წინასაარჩევნოდ მუშაობის მომგებიან სიტუაციაში აყენებს.

"მაჟორიტარული არჩევნების სისტემა  არის მოძველებული, შეუსაბამო ქვეყანაში, რეგიონებსა და ქალაქებში  არსებული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე. მოქნილი იქნებოდა პროპორციული და რეგიონალურ პროპორციული საარჩევნო გარემო, რაც ამ ხელისუფლებას საარჩევნო დაპირება იყო.  ქუთაისი ნაკლებად წამგებ სიტუაციაშია სხვა რაიონებთან შედარებით, მაგრამ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში,  სამი დეპუტატის ნაცვლად, ქუთაისის წინაშე პასუხისმგებელი იქნებოდა მთელი საკანონმდებლო ორგანო.

რაც შეეხება, მეორე მნიშვნელოვან შენიშვნას, ჩვენთვის ჯერ არაა ცნობილი  ქალაქის რა ნაწილებად იყოფა ქუთაისი, რომელი ადმინისტრაციული ორგანოები ერთიანდებიან ოლქებად, რაც  ქმნის წინასაარჩევნო სრულფასოვანი მუშაობის პრობლემას ოპოზიისთვის, თუმცა მგონია და მაქვს ეჭვი მმართველი გუნდისთვის საზღვრები იქნება ცნობილი."–განაცხადა გია თევდორაძემ.

ამომრჩეველთა თანაბარ პირობებში ჩაყენების აუცილებლობაზე საუბრობს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი. "რესპუბლიკელი“ ნატო ქათამაძე ახალ კანონპროექტს  იწონებს და აცხადებს, რომ კომუნიკაციის პრობლემას არა ტერიტორია და დაშორება, არამედ თავად არჩეულები ქმნიან.

"ახალი კანონპროექტი, როგორც ვიცით, ერთჯერადია და კოალიციაში შემავალი ყველა პარტია თანხმდება, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. ამიტომ ვთვლი, რომ ცვლილება, რაც ამომრჩეველთა თანაბარ პირობებში ჩაყენების აუცილებლობით არის გამოწვეული, კარგია. თუმცა ვერ ვიტყვი, რატომ დაემატა ქუთაისის თერჯოლის ნაწილი, როდესაც ჰყავდა საკმარისი ამომრჩეველი. არ ვთვლი, რომ ეს კომუნიკაციის პრობლემას შექმნის ამომრჩევლებსა და მაჟორიტარებს შორის, რადგან კომუნიკაციის პრობლემას ქმნიან პიროვნებები, მათი ხასიათი და არა ტერიტორია, მანძილი და დაშორება", –განაცხადა ნატო ქათამაძემ.

როგორც აღვნიშნეთ, იმერეთში კვლავ 11 მაჟორიტარი იქნება. 3- ქუთაისის, 1- თერჯოლა–ტყიბულის, 1- სამტრედიის, 1- წყალტუბო,  1  ოლქად იქნება წარმოდგენილი ვანი და ხონი, გაა-1-იანეს  ბაღდათი–ხარაგაული–ზესტაფონის ნაწილი, დამოუკიდებლად ეყოლება 1  ზესტაფონს, ასევე თითო მაჟორიტარი ეყოლება ჭიათურასა და საჩხერეს, რაც მარტივი არითმეტიკული პრინციპით, ჯამში ისევ 11-ს იძლევა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა