|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ.

 ნაწილი I

 საქართველოში ქრისტიანობას ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ერთი მხრივ, ქრისტიანობა იყო ერის იდენტობის შენარჩუნების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთთან ინტეგრაციის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მირიან მეფემ მეოთხე საუკუნის დასაწყისში აირჩია.
ქრისტიანობის განსაკუთრებული იდეოლოგიური მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა ერთიანი საქართველოს ფორმირების პროცესში, კერძოდ, შუა საუკუნეების იდეოლოგიურ ფორმულირებაში "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცაშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების" _“ (გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) ანუ დაქუცმაცებული საქართველოს გამაერთიანებელ ძალად და გაერთიანების შემქმნელ იდეოლოგიურ ფონად ქართულ ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვა ითვლებოდა. თითქმის 1700 წლის განმავლობაში სწორედ აღნიშნული იდეოლოგიური ფონი რჩებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მამოძრავებელ ბერკეტად.


 1700 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დამპყრობელი დაუპირისპირდა ამ იდეოლოგიურ ფონს, თუმცა, მათგან ყველაზე უფრო წარმატებული რუსეთის იმპერია გამოდგა, რომელმაც საკუთარი ქრისტიანობა ფარად აიფარა და ისე შეეცადა ქართული ქრისტიანობის განადგურებასა და დამახინჯებას.
XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაუქმების შემდგომ, ფსევდო-ერთმორწმუნე, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს არაერთი დანაშაული მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე. რადგანაც ენა და რელიგია ქართული იდენტობის მთავარი საყრდენი იყო, 1811 წელს ერთმორწმუნე“ მეფის რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის სინოდი საეგზარქოსოდ გამოაცხადა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე შემოიღო. ენისა და რელიგიის განადგურების მთავარი მიზანი ქართული ერთიანობისთვის აუცილებელი კომპონენტების მოსპობა იყო. მეფის რუსეთის ამ პოლიტიკის შედეგად, 1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და იდენტობას ართმევდა.
მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ საქართველოს აჯანყების დროს, როდესაც რუსებმა განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია, გარდა მოსახლეობის გაძარცვისა და დახვრეტისა, „ერთმორწმუნე“ რუსებმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს უმაღლეს სასულიერო პირებს _ სცემეს და თავზე ტომარაჩამოცმულები ამყოფეს ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი (რის შედეგადაც დოსითეოს ქუთათელი დაიხრჩო), ექვთიმე გენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.
რუსმა სასულიერო პირებმა გაძარცვეს ეკლესიები (სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნინოწმინდა, შემოქმედი, დიდუბე, დავით გარეჯის სავანე), რუსეთში გაიტანეს მტრების შემოსევებს გადარჩენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათესი ნიმუშები _ მათ შორის, XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გაიტანა. 1880-იან წლებში კი ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) ხატი. 1860 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერი გაანადგურა, იქ დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი თვლები დააძრო.
„ერთმორწმუნე“ რუსეთის ეკლესიის ბარბაროსული ქმედებები ნიკოლოზ დურნოვს თავის ჩანაწერებში აქვს აღწერილი: "ქართული ეკლესიის ბედი": „სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი,
რომელიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა, დაწვეს აუარება უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც გადარჩა პეტერბურგში წაიღეს. დაბოლოს, ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს.“ იმპერატორ ნიკოლოზ I-ის საქართველოში ჩამოსვლის წინ კი ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარიული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და ერთაწმინდის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ისტორიულ-კულტურული ფრესკები.
რუსეთის მხრიდან ქართული ეკლესიების ძარცვისა და ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების განადგურების მთავარი მოტივი ფინანსურ სარგებელში არ იყო, მათ სტრატეგიული მოტივი ჰქონდათ. ეს იყო კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოსპობით ეროვნული თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნა ან მთლიანად აღმოფხვრა იყო. იმ შემთხვევაში, თუ განადგურდებოდა ინსტიტუტი, რომელიც ქართული იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა, უფრო მარტივად გახდებოდა ქართველთა „რუსიფიკაციის“ პროცესი. ზუსტად ამ მიზნით ნადგურდებოდა ფრესკები, ქართული ხელოვნების ნიმუშები, ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები, როგორც ქართული დამწერლობის შენახვისა და გავრცელების საშუალება.
რუსიფიკატორული პოლიტიკა საიდუმლო არც ყოფილა. მაგალითად, 1905 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულმა საქართველოს ეკლესიის მმართველმა ეგზარქოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის სისხლში ჩახრჩობა იყო.
იმდროინდელი ქართული საერო და სასულიერო ელიტა მიხვდა, რომ სარწმუნოების გადასარჩენად რუსული იმპერიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა იყო საჭირო. მაგრამ რუსეთის იმპერია მწარედ უსწორდებოდა ყველას, ვინც წინ აღუდგებოდა მის ბარბაროსულ ქმედებებს.
1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოს პავლეს მითითებით, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, მოგვიანებით, 1887 წელს კი მოკლეს. სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდნენ ეპისკოპოსი კირიონი, დეკანოზი კალისტრატე, ნიკოლოზ დურნოვი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია და დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს. რუსებმა შეამჩნიეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიზანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთგული მცველი _ კირიონ მეორე ამოიღეს. 1917 წელს რუსეთში დაძაბული შიდა სიტუაცია იყო, რამაც კირიონს საშუალება მისცა 1917 წლის 12 მარტსსაქართველოს ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უშუალო მმართველობისგან გამოეყვანა. თუმცა, ამისთვის 1918 წლის 26 ივნისს რუსეთმა ქართული ეკლესიის მცველი სიცოცხლეს გამოასალმა.
დღეს, რუსეთი სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარი პროპაგანდის მთავარ შემადგენელ ნაწილად ისევ იყენებს „ერთმორწმუნეობას“ და დღემდე ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო მართმადიდებლურ ფასეულობებს, ერთმორწმუნეობის საკითხებს. რელიგია გამოყენებულია როგორც რუსული „ძალის“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურულ თუ რელიგიურ მსგავსებებზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ იყენებდა ის ერთმორწმუნეობის ნარატივს წარსულში და რა გამოცდილება მიიღო საქართველოს კულტურულმა, ეროვნულმა თუ ენობრივმა თვითმყოფადობამ რუსეთის მიერ გატარებული „ერთმორწმუნეობის“ პოლიტიკით.

წყარო:
www.damoukidebloba.com
გაგრძელება იხილეთ
შემდეგ ნომერში

 

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა