ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია - ირაკლი კობახიძე 2008 წლის ომზე
ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
მისი მტკიცებით, წინა ხელისუფლება ახორციელებდა შეტევით მოქმედებებს.
„როდესაც გათენდა 8 აგვისტო, დილიდან მაშინდელი რეჟიმი გვიცხადებდა სიამაყით, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ - ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ ისინი, რომ ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისათვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში ფაქტების ქრონოლოგიაა ასახული, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს გახსნა არტილერიული ცეცხლი მაშინდელმა რეჟიმმა ცხინვალზე და ამას მეორე დღეს მოჰყვა საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა.
„თეორიულად, ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ხვალ ცხინვალზე ან სოხუმზე, დაიწყება ომი. რაც სიმართლეა - ასახულია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც წერია, რომ იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად მიიტანა მაშინდელმა რეჟიმმა შტურმი ცხინვალზე. სააკაშვილის პარტიამ ჩაიდინა უმძიმესი ღალატი, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეეწირნენ სამშობლოს და სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ რომ ჩავიდინოთ ღალატი, ხვალ რომ დავიწყოთ ასეთი ოპერაცია, ავანტურაზე რომ წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ დავალებას გარედან, რა თქმა უნდა, აქაც სამხედროები ჩაერთვებიან ომში და ისინი შეეწირებიან სამშობლოს, მაგრამ ეს ჩვენს ღალატს ბუნებრივია არ გაამართლებს, იგივე გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ანალოგიური განცხადებები გააკეთესქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც. ისინი აცხადებენ, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. მათივე თქმით, ამის შესახებ მალე გამოქვეყნდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ავტორი: