|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კვების გარეშე დარჩენილი კალათბურთელები - რა გახდა რუსთავის გუნდის უკმაყოფილების მიზეზი?

ქუთაისის სპორტის სასახლეში ქორქია-საკანდელიძის ტურნირის ფინალური მატჩი 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის დაგვიანების მიზეზად რუსთავის ნაკრების პრეტენზია დასახელდა.  როგორც მატჩის მსვლელობის დროს გახდა ცნობილი, რუსთავის საკათბურთო გუნდს სასტუმროს მომსახურება არ მოეწონა.

 რუსთავის გუნდის ტრენერმა დაგვიანების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა, მატჩის  დაწყებამდე რუსთავის ტრენერმა დამსწრეებს ბოდიში მოუხადა.  "ბოდიშს ვუხდი დამსწრეებს, რადგან, ეს ისეთი ხარისხის თამაში არ იქნება, როგორიც ქუთაისს ეკადრება",–განაცხადა მან.

ქუთაისის საკალათბურთი გუნდის მწვრთნელის კოტე ტუღუშის განცხადებით, შეფერხება  ქუთაისის ბრალი არ არის და პასუხებისთვის რუსთავის გუნდთან გადაგვამისამართა.

ამავდროულად ტრიბუნებზე საუბრობდნენ, რომ კალათბურთელებს განკუთვნილი კვებითი მომსახურება არ მიუღიათ.

ტურნირს ორგანიზებას მერია უწევს.  მერიის მიერ გამოცხადებულ 30 000 ლარიან ტენდერში შპს „დოვლათმა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასტუმროს მომსახურებას  23 000 ლარად დათანხმდა.

ტენდერის თანახმად "მემორიალურ ტურნირში“ მონაწილეობს 8 გუნდი (თითოეული გუნდი 18 პირის შემადგენლობით), მათ შორის ქუთაისისა და წყალტუბოს გუნდები, რომლებიც არ საჭიროებენ სასტუმრო-კვებით მომსახურებას. 
მიმწოდებელი ვალდებული იყო, აღმოეჩინა სასტუმროს მომსახურება: 2018 წლის 31 იანვარს, 123 პირზე, 2018 წლის 1 თებერვალს, 69 პირზე, 2018 წლის 2 თებერვალს, 51 პირზე და 2018 წლის 3 თებერვალს, 51 პირზე. მათ შორის 15 პირი წარმოადგენს მსაჯთა კოლეგიას და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. მიმწოდებელი ვალდებულება იყო აღნიშნული 15 პირი განეთავსებინა სპორტსმენებისგან დამოუკიდებლად, სხვა სასტუმროში. 
ასევე  სასტუმროში უნდა ყოფილიყო კვება.

შპს „დოვლათის“ მფლოებლი ალექსანდრე მარგველაშვილია, რომლის დაქვემდებარებაში სასტუმრო „დისკოვერია“, მას სტუმრები ასევე სასტუმრო „ედემში“, „ძველ ქალაქში“,  მასფაქტორში“,  "არგო პალასსა“ და  „კოლხაში“ უნდა გადაენაწილებინა.

როგორც  ალექსანდრე მარგველაშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავს, მან ტენდერით გათვალისწინებული ყველა პირობა და დააკმაყოფილა, რუსთავის გუნდის პრეტენზია კი გუნდის განწყობამ გამოიწვია.

„ყველაფერი შევასრულე, როგორც მოთხოვნა იყო, მომსახურება და კვება. რუსთავის გუნდმა იცოდა, რომ წააგებდა,  ამიტომ არ უნდოდათ მოედანზე გამოსვლა და თითქოს რაღაც პრობლემები იყო, უნდოდათ პირდაპირ რუსთავში წასვლა, სხვა დეტალებზე მიმართეთ გუნდს“, –განაცხადა მარგველაშვილმა.

დღეს სტუმრები სასტუმრო „დისკოვერში“ იმყოფებოდნენ.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფინალი 14:00 საათზე იყო  დაგეგმილი და ტენდერშიც,  კვება ამ დროისთვის ეწერა. მათივე ინფორმაცით, მატჩის დრო  ფედერაციამ შეცვალა და ამის გამო  მოხდა შეფერხება.

საქარველოს კალათბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მატჩის დროს არ შეცვლილა და ხარვეზების გამო მხოლოდ ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.

„ჩვენს მიერ დრო არ შეცვლილა, შეხვედრა დანიშნული იყო 16:00 საათზე და ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი მცირე ხარვეზები გახდა. რაც შეეხება პრობლემას, მოედანზევე მოგვარდა და ფედერაციაში განცხადება არ შემოსულა, ამიტომ არანაირი განხილვა და გაგრძელება ამ ამბავს არ მოყოლია და შესაბამისად, ვერც ვერაფერზე ვისუაბრებთ“,-განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა.

 მატჩი ქუთაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ხატია ბანძელაძე