"ეს იყო დავალების შესრულება, ვიღაცას არ სიამოვნებს ქუჩაში საპროტესტო აქციები"
ბათუმში დაკავებული აქციის მონაწილეებიდან 8 პირის სასამართლო პროცესი ბათუმის სასამართლოში უნდა გაიმართოს. დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ადგვოკატებისთვის ამ დრომდე უცნობია. ისინი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან მოთავსებულები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, პოლიციამ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა.
„მოვახერხე შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ გიორგი კირთაძესთან. დანარჩენებთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, რადგანაც ისინი უკვე გადაყავთ სასამართლოში. ცალსახად შემიძლია გითხრათ, გიორგი კირთაძესთან გასაუბრება რაც მოვასწარი, არავითარი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არის. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს იყო დავალების შესრულება, რომ ვიღაცას არ სიამოვნებს ქუჩაში საპროტესტო აქციები“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით გამართულ აქციაზე დაკავებული 25 პირიდან 3 გაათავისუფლეს, ორი მათგანი ქალია ერთი კი არასრულწლოვანი.
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებს ედავებიან.
ავტორი: ნიუპრესი