|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება - მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი 6 აგვისტოს გამოცხადდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დასკვნით სხდომა იმართება, ჟურნალისტმა თავისი საბოლოო სიტყვა დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის შესახებ საუბრით დაიწყო, - სასამართლო დარბაზიდან ტექსტს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, გარეთ ისე ვითარდებაა, ჩემს საქმეზე ვერ ვკონცერტრირდები-მეთქი... ის იმავე დაწესებულებაშია, სადაც მე, მაგრამ ისე ვართ იზოლირებული, შემთხვევითაც ვერ შევხვდი.

ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!

მაშინ, როცა გავიგე, რომ ნინო დათიშვილი პროკურატურას იძულებით ჰყავდა გადაყვანილი ფსიქიატრიულში, ჩამოვიშალე...

ბატონო პრპოკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს - რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში?

ჩემი სათქმელი ნინო დათიშვილის ამბავმა შეცვალა, მინდოდა მესაუბრა ნეტგაზეთზე, ბათუმელებზე“... თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლოს დარბაზში.

მან ასევე პროკურორებს მიმართა და უთხრა, რომ ეს განაჩენი, რასაც დღეს მოსამართლე გამოიტანს, მათი განაჩენიც იქნება. 

 

„ძალიან მინდოდა დღეს სოლიდარობაზე და იმ კანონის მავნებლობაზე მესაუბრა, რასაც რუსულ კანონს ვეძახით. მაგრამ დღეს მხოლოდ იმ საკითხზე გაგიზიარებთ აზრს, რომელზეც მხოლოდ მე უნდა ვისაუბრო. საქმის დეტალებზე ადვოკატებმა ისაუბრეს. მინდა ვისაუბრო შემოთვზებულ საპროცესო შეთანხმებაზე. იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა - დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ გამიხარდა. ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაკავები პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი. მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა - ჩვენს კვალიფიკიაციას თუ არ ეთანხმებიო, რომელი მუხლი შეგეფერებაოო. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ ჩემი აზრი არ უკითხავთ - მიუკერძოებელად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დავიჭერო“ საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე - პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის. ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია, ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო“ - განაცხადა  მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, ბათუმში დაკავებული ჟურნალისტის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. პროცესზე დასასწრებად მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენი 6 აგვისტოს გამოცხადდება.

ავტორი: