ევროკავშირი იმერეთის რეგიონში
2019-2024 წლებში ევროკავშირმა საქართველოში საჯარო სექტორი 517,82 მილიონი ევროთი დააფინანსა. ეს თანხა მუნიციპალიტეტებმა სხვადასხვა ინფრასტურქტურულ პროექტებს მოახმარეს, როგორიცაა - სამოქალაქო პარკების, თეატრების, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია/მშენებლობა, გზის დაგება, ბაღების მშენებლობა.
2020-2022 წლებში მხოლოდ იმერეთის მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან 70 მილიონი ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით 76 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ქუთაისის განვითარებას ჯამში 27 მილიონი ლარი მოხმარდა: განახლდა ახალგაზრდობის გამზირის ფასადები, რისთვისაც 2 მილიონი ლარი გამოიყო; მოეწყო საქალაქო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, საავტომობილო გზები, ველობილიკები, საცურაო აუზი, საცოცი კედელი, ჯომარდობის პუნქტი, ველობილიკი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ შადრევანსაც.
ქუთაისში ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “escapeland”, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საკომპოსტე ცენტრი, რიონში ჩაიდგა ნაგვის დამჭერები. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნებში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას, რისთვისაც ჩატარდა ტრენინგები ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის. “eu 4 culture“-ის ფარგლებში შემუშავდა ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგია. ჯამში ამ პროგრამების განსახორციელებლად 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისგან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, რომლის საშუალებითაც 8 პროექტი განხორციელდა. სოფელ ღანირში, კორმაღალსა და დიდ ჯიხაიშში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, სოფელ ნაბაკევში და ქალაქ სამტრედიაში მოეწყო რეკრეაციულ-დასასვენებელი სივრცეები, ღობეებით გაიმიჯნა კერძო და საერთო საკუთრების სივრცეები, აშენდა სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სოფელ იანეთში.
ზესტაფონში მდებარე ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა/რეაბილიტაციას 1 მილიონი ლარი მოხმარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიზარდა როგორც სცენის, ასევე მაყურებლებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც თანამედროვე დიზაინით გადაიხურა, სცენასთან მოეწყო გასახდელები და საკვანძეები. თეატრონის ტერიტორიაზე შემოიღობა და მოეწყო ეზო, სადაც განთავსდა დეკორატიული ბეტონის ბილიკები, ეზოს სკამები, დამონტაჟდა მაღალი და დაბალი განათების ბოძები.
ერთ-ერთი განსაკუთრებით აღსანიშნი პროექტები, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, მიროწმინდაში მე-6 საუკუნით დათარიღებულ წმინდა ნიკოლოზის ტაძრამდე მისასვლელი გზაა, რომლის დასაგებადაც ევროკავშირმა 1,9 მილიონ ლარი გამოყო. 481,000 ლარი მოხმარდა გზასა და ბილიკებს ცხრაჯვარის წმინდა გიორგის სალოცავამდე და ცხრაჯვარის მღვიმემდე, რომელიც ტყიბულისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და როგორც მომლოცველებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც მიმზიდველ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამავე პროექტის ფარგლებში მოეწყო ცხრაჯვარიდან სოფელ ძმუისის კანიონამდე მიმავალი ტურისტული ბილიკები.
ცხრაჯვარის წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზა
2020-2022 წლებში ტყიბულმა ევროკავშირისგან სულ 6,2 მილიონი ლარი მიიღო და 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.მათ შორის ერთერთი ყველაზე მასშტაბური - გელათის ქუჩისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების პროექტია, რომლის განხორციელებაზეც 2 მილიონი ლარი დაიხარჯა; ასევე, ტყიბულში ევროკავშირის მხარდაჭერით დაიგო შიდა გზები, ტურისტული ბილიკები და განახლდა შენობების ფასადები.
ხარაგაულში, თერჯოლაში, სამტრედიასა და ვანში აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა ამ მიმართულებით ჯამში 5 მილიონ ლარს შეადგენს. ხარაგაულში, გარდა ხუნევის ბაღისა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე სრულიად ახლიდან აიგო, კიდევ სამი პროექტი განხორციელდა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხარაგაულის სავიზიტო ბარათს, დევების ქანდაკებებს ხანდებში, მიმდებარე სკვერს და დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკს.
საჩხერის მუნიციპალიტეტში პარკის მოწყობას 2,9-მილიონი ლარი მოხმარდა. მიუხედავად ამხელა ინვესტიციისა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ და ყველა ეს პროექტი მხოლოდ მუნიციპალიტეტების განხორციელებული ჰგონიათ.
საცურაო აუზი ოლიმპი
იმერეთის სხვა პატარა ქალაქებს ევროკავშირისგან, საშუალოდ, 2-დან 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, რომელიც შედარებით პატარა პროქტებისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებზეც გადანაწილდა.
ავტორი: თამარ კურატიშვილი