ევროკავშირის დაფინანსებით ხუნევში საბავშვო ბაღი აშენდა
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევს დღეს სრულიად ახალი საბავშვო ბაღი აქვს. ბაღის ასაშენებლად ევროკავშირმა 588 ათასი ლარი გამოყო, რომლითაც ძველი, ავარიული საბავშვო ბაღის ადგილას არა მარტო აშენდა ახალი, ყველა საჭირო სტანდარტის გათვალისწინებით - მოეწყო კიდეც.
„ბაღი იყო ხის ძველი შენობა, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო დაახლოებით 1986 წლიდან და იმის შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. მხოლოდ - იღებებოდა იატაკი, „შპალერი“ იკვრებოდა კედელზე, მუშავდებოდა ჭერი საღებავით და შეძლებისდაგვარად ვცდილობდით, შეგვექმნა ბავშვებისთვის ის გარემო, რაც მათთვის აუცილებელი იყო. იატაკი უკვე ისე იყო დაზიანებული, მისი მარტო მორეცხვა და დეზინფექცია ბევრს აღარაფერს ნიშნავდა. მშობლებისგანაც იყო მოთხოვნა, ახალი ბაღის აშენების შესახებ. რაიონმა მოიპოვა ევროკავშირისგან გრანტი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო ორი პროექტი - ერთი იყო დევების მონუმენტის რესტავრაცია და მეორე ჩვენი, ხუნევის საბავშვო ბაღი. ბაღის ასაშენებლად ევროკავშირისგან ნახევარ მილიონზე მეტი გამოიყო და საბავშვო ბაღი ზუსტად 5 თვეში აშენდა“, - ამბობს ნინო ჭუბაბრია, ხუნევის საბავშვო ბაღის გამგე.
როგორც საბავშვო ბაღის გამგე გვიყვება, სოფელი წლების მანძილზე ცდილობდა, როგორმე ახალი ბაღი გაეხსნათ, რადგან ავარიულობის გარდა, მდინარიდან წყალმოვარდნის შემთხვევაში, არსებობდა ბაღის საძირკვლის გამოცლის საფრთხეც. ადგილობრივი ხელისუფლება კი, პრობლემას წლების განმავლობაში ვერ აგვარებდა.
„როცა გვერდით სოფელში, ვერტყვიჭალაში, ბაღი აშენდა, ჩვენც ვითხოვდით, ხუნევშიც აშენებულიყო. მაშინ MGF იყო, თუ არ ვცდები, კომპანია, რომელიც აშენებს საბავშვო ბაღებს და უარი განგვიცხადა, - 100-ზე ნაკლებ ბავშვზე გათვლილ ბაღებს ჩვენი კომპანია აღარ აშენებსო და 100 ბავშვი ახლა, ერთ სოფელში... ნეტავ, იყოს... აი, ასეთ პატარა, 30 ბავშვიან პროექტზე კომპანიებმა უარი გვითხრეს დაფინანსებაზე. ერთადერთი, ევროკავშირის ფონდი აღმოჩნდა, რომელმაც დაგვაფინანსა და რომლისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, 15 ბავშვს ესწავლა და განვითარებულიყო მხოლოდ უსაფრთხო კი არა, აი ასეთ - ბავშვზე მორგებულ გარემოში“, - აცხადებს ნინო ჭუბაბრია.
ხუნევის ახალ ბაღში ამჟამად 15 ბავშვი დადის. თვითონ ბაღი 30 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღებში 15-20 ბავშვი მუდმივად არის და მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი სოფლის მაცხოვრებლებს იღებს.
„ბაღი ბავშვების თვალწინ შენდებოდა. ყოველდღე უნდა ჩამოევლოთ ამ ბავშვებს მშენებლობის წინ, მერე ამოევლოთ... ხშირად შემოვდიოდით ექსკურსიის სახით, ვათვალიერებდით რა კეთდებოდა, როდის დასრულდებოდა - ბავშვებსაც ერთი სული ჰქონდათ, მართლა... პირველად რომ შემოვიდნენ, ეს იყო მათთვის ყველაფერი!... აქ, ახლა რასაც ხედავთ, ჯგუფია, ნათელი - იქ იყო ერთი პატარა ოთახი, 15 ბავშვი გვერდს ვერ უვლიდა ერთმანეთს. ამ ერთი ოთახის ზომის მთელი ბაღი იყო“, - ამბობს ნინო ჭუბაბრია და ბავშვის განვითარებისთვის საბავშვო ბაღის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„სკოლამდელი დაწესებულება აუცილებელია ბავშვის ზრდა - განვითარებისთვის. ბავშვი იმ უნარ-ჩვევებს ვერაფრით ვერ მიიღებს სახლში, რაც შეიძლება სკოლამდელ დაწესებულებაში მიიღოს; რაც არ უნდა გათვიცნობიერებული იყოს მშობელი, მაინც ვერ მისცებს შვილს იმდენს, რასაც აქ შეიძენს ბავშვი. ელემენტარული, მეგობრებთან ურთიერთობას სწავლობს; სწავლობს რიგითობას, იძენს ემპათიის უნარს. ამას ყველა ვაცნობიერებდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. ბოლოს არ გვჯეროდა, რომ ბაღი მართლა აშენდებოდა, თან, რომ გვეუბნებოდნენ 5 თვეში დასრულდებაო.. მაგრამ აშენდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის სახელით ევროკავშირს, რომლის გარეშეც ბავშვებს ბაღი არ ექნებოდათ“.
ევროკავშირის მხარდაჭერით 2019-2022 წლებში იმერეთის რეგიონში ორი საბავშვო ბაღი აშენდა, ერთი ხარაგაულის სოფელ ხუნევში, რომელზეც მოგიყევით და მეორე სამტრედიის სოფელ იანეთში.
ავტორი: თამარ კურატიშვილი