"ეს პროცესი მეტად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე"
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, 2 დღის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგი, რომელიც სრულად ასახავს ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის წინა პერიოდში საქართველომ მიიღო მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპელი პარტნიორებისგან. ამ კუთხით, გამოვყოფდი ევროკომისიის ანგარიშს და ბალტიის ასამბლეისა და ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც დადებითად აისახა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მკაფიო მხარდაჭერა. გვაქვს მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხვალინდელ სამიტზე, საქართველო მიიღებს ახალ შესაძლებლობებს და ინტეგრაციის ახალ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ერთის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ინსტიტუტებს, საზოგადოებას და კავშირებს, ხოლო მეორეს მხრივ, ეს პროცესი მეტად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მათ კეთილდღეობაზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესი განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი აღმოჩნდა. ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება პოზიტიურად აისახა როგორც მთლიანად საქართველოზე, ასევე ჩვენს მოსახლეობაზე.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს, ბრიუსელში ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის. ახალი დღის წესრიგი საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.
განახლებული დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციითა და ინტენსიური თანამშრომლობით შემუშავდა და ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ პრიორიტეტებს, ისეთ სფეროებში როგორიცაა: 1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუციების გაძლიერება; 2) საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; 3) მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; 4) ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; 5) ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; 6) კომუნიკაციები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, კლიმატი და სამოქალაქო დაცვა; 7) მობილობა და ხალხთა შორის კავშირები.
უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგად, ასოცირების ახალ დღის წესრიგში ცალკე პრიორიტეტად იქნა გამოყოფილი ეს მიმართულება. ასოცირების დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უცვლელი პრიორიტეტია.
ავტორი: ნიუპრესი