ევროკავშირის ქვეყნების ელჩების მონაწილეობით წერეთლის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა
ევროპა - ჩვენი ქვეყნის არჩევანი, მშვიდობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, ევროპული განათლების პერსპექტივა - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა და აწსუ-ს რექტორი გიორგი ღავთაძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის მიმდინარეობის პროცესზე, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები.
„ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას გააჩნია თავისი ისტორია. თქვენ ნამდვილად ხართ აღმოსავლეთ ევროპის შემადგენელი და პარტნიორი ქვეყანა. წევრობისკენ სავალ გზაზე კიდევ უფრო მეტი შრომა და ჯაფა გჭირდებათ, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება გასაწევი“, - აღნიშნა შეხვედრისას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, ქვეყანამ ის უნდა გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნება.
ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან კარგი საფუძველი აქვს.
„თავიდანვე გამაოცა იმ სულისკვეთებამ და ძალისხმევამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება მიმართავს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მოსახლეობამ ცხადად გამოხატა თავისი არჩევანი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ამ ევროპის ქვეყნების ერთობაში გაწევრიანდეს. ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმაზე, რომ საქართველოს დავეხმაროთ მისი სრული პოტენციალის ათვისებაში, იმაში, რომ ქვეყნის ინსტიტუციები მწყობრად მუშაობდნენ, რათა ქვეყანამ მოახდინოს ევროინტეგრაციის გზაზე სწორი სვლა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ გვწამს და გვჯერა საქართველოს მომავლის და ჩვენი ევროპული ერთობის“, - განაცხადა არად ბენკომ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი