ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელისა და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა. ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი; ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი; შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი; ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა; ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი; ევროპის სტაბილურობის ინიციატივის დამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი; ევროპარლამენტარი რიჰადს კოლსი; ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა; ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი; უკრაინის პარლამენტის წევრი ევგენია კრავჩუკი; ესტონეთის პარლამენტის წევრი ეერიკ-ნილს კროსი; ყოფილი ევროპარლამენტარი მიაპეტრა კუმპულა-ნატრი; ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო; უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსანდრე მერეჟკო; უკრაინის პარლამენტის წევრი მარია მეზენცევა-ფედორენკო; ესტონეთის პარლამენტის წევრი მარკო მიხელსონი; ლატვიის პარლამენტის წევრი ინარა მურნიეცე; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი; საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი; იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე; ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი; Orion Strategies-ის პრეზიდენტი რენდი შონემანი; შვედეთის პარლამენტის წევრი კატარინა ტოლგფორსი; დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტაგენდატი; ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი; ევროპარლამენტარი რეინიე ვან ლანშოტი; ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი; ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი; ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი. განცხადებას უერთდება ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი.
ავტორი: