"ევროპული საქართველო" წყალტუბოს მუნიციპალიტეტში "კორუფციულ გარიგებებთან" დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს
"ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში "კორუფციულ გარიგებებთან" დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისაკენ მოუწოდებს.
პარლამენტის დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით, წყალტუბოში მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 1.122.256 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.
კანდელაკის თქმით, ამ გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის საფუძვლიანი ეჭვი იკვეთება, რადგანაც მუნიციპალიტეტს სანიტარული კვანძების მოსაწყობად ხუთი თვე ჰქონდა, თუმცა ტენდერი არ გამოუცხადებია. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მილიონ ლარზე მეტი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა უტენდეროდ მიიღეს, ხოლო 9 - დან 8 კომპანიას წარსულში პრაქტიკულად არც ერთ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. კანდელაკის თქმით, წყალტუბოში ეს ერთადერთი მაგალითი არ არის და ბევრი კორუფციული გარიგებაა.
"ევროპული საქართველოს" ბრალდებებს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან წყალტუბოს მერიაში და განმარტავენ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზის ხელშეკრულებები მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაფორმდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი