"ფესტივალი ქუთაისში ბალეტის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს"-ირმა ნიორაძე
"ჯორჯ ბალანჩინის სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალი" ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საბალეტო სკოლების წამყვანმა სოლისტებმა გახსნეს. გახსნაზე ირმა ნიორაძესთან ერთად იმერეთის გუბერნატორი, ვიცე გუბერნატორი და ქალაქის მერი იმყოფებოდნენ.
ფესტივალისა და მისი მნიშვნელობის შესახებ "ნიუპრესთან" საქართველოს პრიმა ბალერინამ, ირმა ნიორაძემ ისაუბრა.
„ფესტივალი იმთავითვე საინტერესოა, რადგან უდიდესი ქორეოგრაფის სახელს ატარებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ამ ქალაქში დაფუძნდა. ეს ფესტივალი ქუთაისში ბალეტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა მონაწილეს.“-აღნიშნა ნიორაძემ. მისი თქმით, ქორეოფრაფიული ფესტივალი ევროპული ქორეოგრაფიული ტრადიციების გაზიარებას ისახავს მიზნად.
საბალეტო დღესასწაული ქუთაისში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საქართველოს რამდენიმე საბალეტო სკოლასთან ერთად გერმანიის, იტალიის, ესტონეთისა და ლატვიის საბალეტო სკოლები მიიღებენ.
მონაწილეების ხელოვნებას ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველი ელჩი აშშ-ში ანა ლეჟავა და საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე არიან.
ავტორი: ხატია ბანძელაძე