გაფლანგული მილიონები და პოლიციელებისთვის განკუთვნილი დაუსრულებელი კორპუსები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თბილისსა და რუსთავში სისტემის თანამშრომლებისათვის 10 კორპუსის ასაშენებლად 33 465 912 ლარი გამოყო, მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა სამუშაოები მიტოვებულია , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა.
მან საგანგებო ბრიფინგი ქუთაისში მშენებარე კორპუსებთან გამართა და გაფლანგულ მილიონებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით 400 თანამშრომლისათვის 10 კორპუსი უნდა აეშენებიათ. თითოეულ თანამშრომელს 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინა, ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით უნდა მიეღო.
"მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. ქუთაისში ნიკეას #19 ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც გამოიყო 7 მილიონ ლარამდე. ქუთაისის კორპუსი უნდა აეშენებინა კომპანია „თი ემის“.
მშენებლობები ყველა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში დღემდე მიტოვებულია. კომპანია „თი ემის“ დირექტორს, ჯემალ გვარლიანი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ჯამში მმართველი პარტიისთვის შეწირული აქვს 60 000 ლარი", - განაცხადა შუშანიამ. .
ცნობისთვის, მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს იხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.
ავტორი: ნიუპრესი