განათლების მიღების ევროპული პერსპექტივა
Erasmus+ ევროკავშირის მიერ 36 წლის წინ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მხარს უჭერს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. „ერაზმუსის“ პროგრამაში მონაწილეობა თითქმის ცამეტმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. 2021-2027 წლების პროგრამის ბიუჯეტი 26.2 მილიარდი ევროთი განისაზღვრა და მის მიზანს სოციალური ჩართულობის, მწვანე და ციფრული განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
2014 წლიდან მოყოლებული, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში უშუალოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით 11,000-ზე მეტი გაცვლითი პროექტი განხორციელდა. საქართველოსთვის, ბოლო 7 წლის განმავლობაში, მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამებზე, როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების განვითარებისთვის „ერაზმუსმა“ დაახლოებით 12 მილიონი ევრო დახარჯა.
სოფო ბრეგვაძე ერთ-ერთი „ერაზმუსელია“, რომელმაც ევროკავშირის ეს შესაძლებლობა 2021 წელს გამოიყენა. ის ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ცენტრის“ თანამშრომელია, რომელიც ქალაქ რუსთავსა და ქვემო ქართლში გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს.
კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა „ერაზმუსის“ პროგრამით, სოფო გვპასუხობს, რომ საქარველოში დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ევროპულ ქვეყნებში მიღებული განათლება და რიგ შემთხევებში, ეს მათთვის პრიორიტეტულიც კია:
„ვფიქრობ, ბუნებრივია, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლება დასაქმების მეტ შესაძლებლობას რომ აძლევს ადამიანს. ამ პროგრამის საშუალებით იმდენად გაიზარდა ჩემი ხედვები და იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემი, როგორც პიროვნების განვითარებაზე, საკუთარი მაგალითით ვხვდები იმ პრიორიტეტებს, რასაც უცხოეთში განათლების მიღება იძლევა. „ერაზმუსის“ პროგრამით ჩემმა რამდენიმე კურსელმა ისარგებლა. იმდენად კმაყოფილები იყვნენ, მიზნად დავისახე, თუკი მაგისტრატურაზე ჩავაბარებდი, მეც აუცილებლად ვცდიდი და ვნახავდი, როგორია სწავლების ევროპული გამოცდილება, რა სისტემაა უნივერსიტეტებში. ჩავაბარე მაგისტრატურაზე და მალევე შევავსე გაცვლითი პროგრამის შესახებ განაცხადი; მეც გამიმართლა - მოვიპოვე „ერაზმუსის“ გრანტი და 6 თვით წავედი სასწავლებლად“.
სოფომ „ერაზმუსის“ პროგრამით უნგრეთის უნივერსიტეტში (Hungarian University of Agriculture and Life Sciences (MATE)) გარემოსდაცვითი ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელა სწავლა. იქაურ საუნივერსიტეტო გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მიღებული ცოდნა ბევრად აღემატებოდა მხოლოდ აკადემიურ სწავლებას და მისი ცხოვრების ამ პერიოდს „ევროპულ თავგადასავალს“ უწოდებს:
„ეს იყო აღმოჩენების, ზრდის, პიროვნული განვითარების შესაძლებლობა სოციალური და კულტურული მიმართულებით. უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში, უცხო სოციალურ წრეში ხვდები მარტო და იწყებ სოციალიზაციას, თავის დამკვიდრებას. ეს არის საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების პოვნის უდიდესი შანსი, შესაძლებლობა, სადაც ირჩევ საკუთარი ცხოვრების სტილს, მიმართულებას, რომელსაც უნდა გაყვე. ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა“.
„ერაზმუსის“ პროგრამის საშუალებით ევროკავშირი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე. სტიპენდია შეიძლება გაგრძელდეს ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე და ფარავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე მგზავრობისა და თვიურ საცხოვრებელ ხარჯს.
სოფოს თქმით, სტიპენდიით გათვალისწინებული თანხა აბსოლუტურად საკმარისია ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: „სტუდენტური საცხოვრებელიც ახლოს იყო ქალაქთან, რაც გადაადგილებას მიმარტივებდა. საერთო საცხოვრებელში ყოფნისას უამრავი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთად გვიწევდა აქტივობების დაგეგმვა, მოსზრებებისა და შეხედულებების გაზიარება. ეს გეხმარება, სხვადასხვა საკითხს შეხედო სხვადასხვა მხრიდან, უფრო სიღრმისეულად გაეცნო ქვეყნების კულტურას და პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას, პრობლემას, სიძლიერესა თუ სისუსტეებს. ეცნობი როგორი წესები და ღირებულებების მატარებლები არიან რაც ჩემი პიროვნული განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლობლობა აღმოჩნდა. „ერაზმუსმა“ მსოფლიოს ქვეყნებიდან ადამიანებთან კავშირის პოვნის საშუალება მომცა, ნეთვორქინგის და რაც ყველაზე მთავარია, ეს ურთიერთობები მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება“ - გვიყვება სოფო ბრეგვაძე.
პროგრამის დასრულების შემდეგ, სოფო თავის ქალაქში, რუსთავში დაბრუნდა, სადაც მალევე შეუერთდა სამოქალაქო მოძრაობას „გავიგუდეთ“, რომელიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობს: - „მათ შესახებ მანამდეც ვიცოდი, თუმცა, თანამშრომლობის შესაძლებლობა არ მქონია. დაბრუნების შემდეგ, გადავწყვიტე, მათ შევვერთებოდი და მალევე, იმავე გუნდის ხელმძღვანელობით არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა, - „ეკო ცენტრში“, რომელიც გაცილებით ფართო გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს. ახლა, ამ გუნდთან ერთად გარემოსდაცვით საკითხებზე ვმუშაობ. ყველაზე მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ახალგაზრდების ინფორმირებაა და მათი ჩართულობის გაზრდა ამ მიმართულებით. მაგალითად ნარჩენების შეგროვება დახარისხება და გადამუშავება. ვაგროვებთ ტონობით პლასტმასას და მაკულატურას, რომლის ჩაბარების სანაცვლოდ, ადამიანებს გადავცემთ ნერგებს, რაც თავის მხრივ, ქალაქის გამწვანებასაც უწყობს ხელს“.
კითხვაზე, დაეხმარა თუ არა ევროპაში სწავლის შესაძლებლობა კარიერული მიმართულებით განვითარებაში, სოფო გვპასუხობს, რომ ეს მისთვის ნამდვილად გარდამტეხი ეტაპი იყო:
„ევროკავშირის „ერაზმუსის“ პროგრამა იყო ჩემთვის ერთერთი გარდამტეხი გამოწვევა, რომელმაც გამაძლიერა. ჩემთვის ძირითადი ბაზისი შექმნა საიმისოდ, კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებაზე მეფიქრა. ეს იყო ერთგვარი გასაღები ჩემთვის. ბევრად ღია გავხდი ცვლილებებისთვის და თავდაჯერებულობა შემმატა, რაც დამეხმარა, მყარად გამეგრძელებინა გზა წარმატებისკენ. შეუძლებელია, დაუფასებელი დარჩეს ევროკავშირის ეს შესაძლებლობა ჩვენი, საქართვეელოს ახალგაზრდებისთვის. არც ისე ბევრ ჩვენგანს აქვს იმისი საშუალება, საკუთარი ფინანსებით მიიღოს განათლება ევროპაში. დამეთანხმებით, სახელმწიფოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება შემდეგ ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ. სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს ევროკავშირი“.
ავტორი: ნიუპრესი