|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"განმიცხადეს, ან წარწერას მოვხსნიდი, ან სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ"

ქუთაისში ტაქსის მძღოლი ჯემალ ცინარიძე სამსახურიდან  წარწერის -"რუსეთი ოკუპანტია!" გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცინარიძე ჟურნალისტებს დემოკრატიის ჩართულობის ცენტში ესაუბრა. 

"8 თვეა,  კომპანიაში "მაქსიმი" ვმუშაობ.  მეგონა, რომ კომპანია უკრაინელებს ეკუთვნოდა. ახლახანს გავიგე,  რომ კომპანიას რუსები მართავენ.  დამკვეთებმა  სარეკლამო ბანერის გაკვრა მთხოვეს მანქანაზე, რაზეც  უარი განვაცხადე. ამის გამო  შეკვეთებს იშვიათად მაძლევდნენ. დისკრიმინაციულად იქცეოდნენ ჩემს მიმართ. შემდეგ განმიცხადეს, რომ ან წარწერას ჩამოვხსნიდი, ან სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ. რა თქმა უნდა, წარწერა არ მომიხსნია, რის გამოც სამსახურიდან გამომიშვეს",–აცხადებს ცინარიძე.

მოქალაქის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზაალ ხონელიძის  განცხადებით, მოქალაქის უფლებები დაირღვა და ისინი მზად არიან ჯემალ ცინარიძეს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ  "მაქსიმი" ეკუთვნის ოლეგ შლეპანოვს. კომპანია რუსეთიდან  იმართება. ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ  რუსეთი ყველა დოზით ცდილობს ჩაერიოს ქართულ საქმიანობაში. დღეს დაისაჯა ჯემალ ცინარიძე, ხვალ სხვა დაისჯება. ამიტომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მივმართავ, რომ ასეთი  ადამიანების უფლებები დაიცვან",–განაცხადა ხონელიძემ.

"ნიუპრესი" კომპანია "მაქსიმის"  მენეჯერს ბესო ბიბილეიშვილს ესაუბრა. ის ჩვენთან საუბარში   უარყობს, რომ კომპანია რუსეთიდან იმართება.

"კომპანია ეკუთვნის "ტექნოკომს" და მას ქართველი მმართველი ჰყავს.  რაც შეეხება მოქალაქეს, ჩვენ ვუთხარით, რომ  დაემაგრებინა ჩვენი ბანერი, ის კი ჩვენს თხოვნას არ დაემოორჩილა. ჩვენთან მძღოლები კლიენტის სახით მუშაობენ, მათთან არანაირი ხელშეკრულება არ ფორმდება",– აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი