|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზესტაფონში ერთი პირი დააკავეს

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1968 წელს დაბადებული ვ.ც. დააკავეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება. 

შსს-ს ცნობით,  დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ვ.ც. ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა