გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს, მათ შორის „ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამხადების ტერადიციასა და მესხურ სამზარეულოს - კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა, - შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ობიექტებს: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთვლის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“, - ნათქვამია ბრძანებაში.
ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ ერთი თვის ვადაში აღნიშნული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს კი ევალება, რომ მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახოს.
ავტორი: ნიუპრესი