გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა
2020 წელს საქართველოს მასშტაბით 4 999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, შედეგად კი 450 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების მიერ სტატისკიკაში მოყვანილია ის შემთხვევები, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
წინა წელთან შედარებით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირედაა შემცირებული. 2019 წელს ამ მიზეზით 481 მოქალაქე გარდაიცვალა.
რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, 2020 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 640 ადამიანი დაშავდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 7 921-ს შეადგენდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მ 2020 წელს, კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის ექვს საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებოდათ (გარდა სპეციალური საშვების მქონე პირებისა).
იმავე წლის 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გაადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, რაც მოგვიანებით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდამდე გაიზარდა და ეს შეზღუდვა დღემდე გრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი