გაუკაცრიელებული სოფლები და "მთის კანონი"
2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს. ეს წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია. მოსახლეობა სოფლების ხარჯზე შემცირდა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იმერეთში გახდა, სადაც მოსახლეობა თითქმის მეოთხედით შემცირდა, ძირიდადად, ქალების ხარჯზე, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ სამუშაოდ გაემგზავრა.
სოფლებიდან მოსახლოების გადინება შეუქცევადი პროცესი რომ გახდა, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია დაფიქრებისა და სწორი დასკვნების გამოტანის მიზეზს მაინც იძლევა. იმ დროს როდესაც ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში შრომობენ, საქართველოში სოფლები უკაცრიელდება.
“საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაუკაცრიელებული სოფლებისა და დასახლებების რაოდენობამ 223–ს მიაღწია. თუ 2002 წელს ასეთი სოფლების რაოდენობა 162 იყო, მას შემდეგ კიდევ 63 სოფელი დარჩა ადამიანის გარეშე. იკლო ხალხმრავალი სოფლების რაოდენობამაც.
ხალხმრავალი სოფელი, სადაც 5 000-ზე მეტი პირი ცხოვრობდა, იყო 28, ბოლო მონაცემებით, მონაცემებით ასეთი მხოლოდ 12 სოფელი დარჩა. ამ 12 სოფელში შედის წეროვანი და ლტოლვილებით ჩასახლებული სოფლებიც, რომელთა ზრდაც არა ბუნებრივი მატების, არამედ შიდა მიგრაციის შედეგია. მომატებულია იმ სოფლების რაოდენობა, სადაც 1-დან 5 კაცამდე ცხოვრობს, ასეთი სოფლები 2002 წლის მონაცემით, 74 იყო, ხოლო დღეს გაორმაგებულია - ასეთი 157 სოფელია.
საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით საქართველოში წინა აღწერის შემდეგ მოსახლეობა 15%-ით შემცირდა.
მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით მაღალია, 2 122 623-ია, სოფლის მოსახლეობა კი მხოლოდ - 1 591 181. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთიდან გავიდა. ქვეყნის ყველაზე დიდი კუთხის მოსახლეობა 23, 4 %-ით შემცირდა. ამ დროისათვის მხარეში 164 თემი და სოფელია 536 052 მცხოვრებით.
მოსახლეობა სოფლებს ტოვებს, როგორც მთაში, ასევე ბარის სოფლებშიც, თუმცა მთაში რომ რეალობა გაცილებით საგანგაშოა, ეს ფაქტია. მდგომარეობის სირთულეს ხელისუფლებაც ადასტურებს, რის გამოც, როგორც აცხადებენ, "მთის კანონი" მიიღეს.
კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება ტერიტორია, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე, ან მის ზევით მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. სტატუსი ადგილობრივი მოქალაქეებისათვის რამდენიმე შეღავათს ითავლისწინებს და გათვლილია, იმისათვის, რომ მოსახლეობა სოფელში დაბრუნდეს და დარჩეს. თუმცა სტატუსი ყველასათვის ადვილად მოსაპოვებელი ვერ აღმოჩნდა და რამდენიმე მაღალმთიანი სოფელიც კი სტატუს გარეშე დარჩა. მათ შორისაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლები.
შეღავათების დაწესებას ადგილობრივი მოსახლოებაც ითხოვს. მათი განცხადებით, სოფლებში ახალგაზრდების ნაკლებობა შეიმჩნევა, რადგან მათ არ აქვთ სამუშაო, საარსებო პირობები, რის გამოც სოფლებს ტოვებენ. მოსახლოების განცხადებით, მიტოვებული სახლების რაოდენობა იზრდება. შიშობენ, რომ მათი სოფლებიც გაუკაცრიელებული სოფლების სიაში მოხვდება.
საკითხის შესწავლა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და იმერეთის მხარის გუბერნატორის სთხოვა. ჩაფიძის განცხადებით, ტყიბული მძიმე ეკონომიკურ პირობებშია და სტატუსის გარეშე მოსახლეობისაგან კიდევ უფრო დაიცლება.
რა ღონისძიებები იგეგმება იმერეთის სოფლებში მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად და მიიღებს თუ არა ტყიბულის სოფლები მაღალმთიანის სტატუსს, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას იმერეთის გუბერნიაში შევეცადეთ, თუმცა ვერ გუბერნატორმა და ვერც ვიცე–გუბერნატორებმა მოუცლელი დღის წესრიგის გამო „ნიუპრესისათვის“ პასუხის გაცემა ამ დროისათვის ვერ მოახერხეს.
პრობლემა რომ არსებობს, ადასტურებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. მინისტრი პრობლემის მიზეზს კომუნისტურ წარსულში ხედავს და აცხადებს, რომ მთის სოფლების დაცლა საბჭოთა კავშირის ინტერესებში შედიოდა.
"სოფლებიდან მოსახლეობის გადინება მასიურად ხდება, ზუსტად მაგისთვის იყო მიღებული მთის კანონი, რომ არა მარტო ეკომონიკური, არამედ დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად. განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებს ტოვებდნენ მასიურად. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი პოლიტიკა, რაზეც ფილმებიც მეტყველებენ. თუ გადავხედავთ, ბევრ სოფელს ერქვა "გამარჯვება". ვფიქრობდი ეს სახელი მტერზე გამარჯვების აღსანიშნად ერვა, თურმე, მთიელებზე გამარჯვებას აღნიშნავდნენ - ბარის მოსახლეობა იმარჯვებდა მთის მოსახლოებაზე და ასახლებდა ბარში. რუსულ პოლიტიკაში კარგად ეწერებოდა, თუ მოვაშიშვლებდით საზღვრებს, ამით სარგებლობდნენ და დღესაც სარგებლობენ. ბევრ ტერიტორიას ვკარგავთ. ამიტომ იყო უპირველესად მიღებული "მთის კანონი", რომ სტიმული მიგვეცა ბიზნესისთვის მთაში აენაცვლებინა. მაგრამ როგორც ყველაფერმა, ამ კანონმაც ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილი გამოდის საკუთარი ინტერესებიდან და არა სახელმწიფო საჭიროებებიდან. გარკვეული შეღავათები დავაწესეთ და რომ რთული პირობები შეგვემსუბუქებინდა და ყველას მოუნდა მთის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რა სიმაღლეზეა"–განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ბოლო ინფორმაციით, მთელი მოსახლეობის 57,4 პროცენტი შეადგენს ქალაქის მოსახლეობას, რაც წინა აღწერის შესაბამის მაჩვენებელზე 5,1 პროცენტული ერთეულით მეტია.
მინისტრი აღწერის მონაცემებს არ ენდობა. მისივე განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ იცვლება თბილისში მცხოვრებთა რაოდენობა იმ დროს, როცა სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა მცირდება.
"რაც შეეხება იმ დემოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც გამოქვეყნდა, არ ვთვლი, რომ ეს არის ბოლო აღწერის პრობლემა. ვფიქრობ, რომ არასწორად ავღწერდით მანამდე და ახლაც ბევრი კითხვის ნიშანია. ერთის მხრივ, თბილისში მილიონ შვიდასი ათასი კაცი ცხოვრობს - მონაცემები არ შეცვლილა. ამ დროს კი სოფლებში შემცირდა მოსახლეობა. რა ხდება, სად მიდიან ეს ადამიანები? ჩემი აზრით, პრობლემაა აღწერაში. ქვეყანამ უნდა მიიღოს პროგრამა, განვტვირთოთ თბილისი და გავამარტივოთ ცხოვრება სოფლებში, რომ იქ დაბრუნდნენ ადგილობრივები"–აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
მინისტრისაგან განსხვავებით, ემიგრანტები არ დავიწყებია იუსტიციის სამინისტროს. ამ უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პოტენციურ ამომრჩეველთა რიცხვი სამმილიონ ნახევარს აჭარბებს. თუმცა აღწერის შედეგებისაგან განსხვავებულმა მონაცემებმა პოლიტიკურ სპექტრში ეწვები გაამძაფრა.
ამომრჩეველთა სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ისე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე. შესაბამისად, აღწერის შედეგებს და ამომრჩეველთა სიას შორის განსხვავება ამით შეიძლება აიხსნას. თუმცა რომელი მონაცემები მეტად შეესაბამება სიმართლეს, ძნელი გასარკვევია. გაცილებით ადვილია რეალობის დანახვა სოფლებში, სადაც შემცირებულია როგორც საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა, ასევე სკოლის მოსწავლეების, რის გამოც საჯარო სკოლები დახურვის პირასაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი