|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შედეგები მიიღეს არჩევნებში გირჩმა და გახარიას პარტიამ

გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, რომელიც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე მესამე ადგილზე გავიდა, 2025 წლის არჩევნებზე, თბილისში, „გირჩზე“ და „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატორებზე“ ნაკლები ხმა მიიღო.
არჩევნების პროპორციული შედეგების მიხედვით, დედაქალაქში ხმების 70% (211 814) მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, 10%-მდე (30 050 ხმა) — „ძლიერმა საქართველომ“. 7.7%-ით (23 275 ხმა) მესამე ადგილზე გავიდა „გირჩი“. 13 025 ხმა (4.3%) მიიღეს „კონსერვატორებმა საქართველოსთვის“, რომელსაც 3.2%-ით (9 673 ხმა) მოსდევს „გახარია — საქართველოსთვის“.
თუმცა, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში გახარიას პარტიამ, „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო — ლელოს“ შემდეგ, მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა 49 815 ხმით (3.684 %).
 ამასთან თბილისში „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ იმაზე ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ორივე პარტიამ ერთად. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალის წევრი დავით მჟავანაძე წერს. 
 
„2024 წელს თბილისში ლელომ აიღო 80 000 ხმა, ხოლო 2025 წელს 30 000 ხმა;
2024 წელს გახარიამ თბილისში აიღო 70 000 ხმა, ხოლო 2025 წელს 9 650 ხმა:
ე.ი ჯამში მათ დაკარგეს დაახლოებით 110 000 ხმა, რაც 73%-იან კლებას ნიშნავს.
ბოიკოტის მონაწილეების ბრალი ვერ იქნება ელექტორალური კამიკაძეობის ეს ეპოქალური აქტი, რომლის შესახებაც ხან ტკბილად ვაფრთხილეთ და ხან მწარედ.
თბილისში თავისივე ამომრჩევლის 75% ვერ დაარწმუნეს, რომ არჩევნებზე მათთვის ხმა მიეცათ, არათუ სხვა ოპოზიციური ამომრჩეველი.
იგივე მაჩვენებლები საქართველოს მასშტაბით ასე გამოიყურება:
2024 წელს ლელომ მიიღო 178 000 ხმა, ხოლო 2025 წელს 90,000 ხმა;
2024 წელს გახარიამ მიიღო 160 000 ხმა, ხოლო 2025 წელს 49,400 ხმა;
ე.ი, საქართველოში მათ ჯამურად, წინა წელთან შედარებით, დაკარგეს 198 600 ხმა, რაც მათი ამომრჩევლის 60%-ია.
ლელომ და გახარიამ მთელ საქართველოში მათი ამომრჩევლის 60%-ც კი ვერ დაარწმუნეს რომ მათთვის ხმა მიეცათ,
არათუ პროტესტის კერები ააგუგუნეს და სადმე რამე ოლქი გამოგლიჯეს ქოცებს.
ეს არის შედეგი იმ სიყალბის, რომელიც თემუდან გამოწერილმა ოლიგარქმა - ხაზარაძემ და მისმა ემიგრანტმა პარტნიორებმა შექმნეს.
ხო მართლა, თბილისში ლელომ და გახარიამ ჯამურად 39,650 ხმა მიიღეს, ხოლო მათმა მერობის კანდიდატმა - ირაკლი კუპრაძემ 37,300. (ასეთი ახალგაზრდა და უკვე ასეთი წარმატებული).
საკუთარ კანდიდატსაც კი არ მისცეს ხმა ხალხო, საერთოდ რაზეა ლაპარაკი".- წერს მჟავანაძე.
 
 

ავტორი: