გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია
გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება.
იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში იმყოფებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
"იტალიელ სპეციალისტთა მოცემული ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. სასიხარულოა, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს.
დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. თუმცა, გამომარილება გრძელდება. შესაბამისად, გრძელდება სპეციალისტების მიერ 24-საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი", - განაცხადა თეა წულუკიანმა
ავტორი: ნიუპრესი