|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის სამონასტრო კომპლექსში ფრესკებს საფრთხე ემუქრება

გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო ფრესკებს საფრთხე ემუქრება - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს.

როგორც ბარათაშვილი აღნიშნავს, პრობლემის შესახებ სასულიერო პირებმა რამდენიმე თვის წინ შენიშნეს, თუმცა რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც საკითხი საზოგადოების წარმომადგენლებმა გაახმაურეს.

„მარტში შეუნიშნავთ ეს ამბავი, მაგრამ სამწუხაროდ,  რეაგირება არ მომხდარა, მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს საკითხი წამოვჭერით, ტენტები გადაფარეს, არ ვიცი, რამდენად ეგონათ ამ ადამიანებს რომ ეს დაიცავდა ფრესკებს წვიმის ზემოქმედებისგან, ფაქტია, რომ კედლები დღემდე ტენიანია, ეს ეხება უძველეს ფრესკებს, მე-12 და შემდგომი საუკუნეების ნიმუშებს, ზედაპირული დაკვირვებითაც იოლად ჩანს, რომ პრობლემა არის კრამიტში. თავდაპირველად გამოიყენეს იმპორტირებული ირანული წარმოების, რომელიც შემდეგ ჩანააცვლა ქართული წარმოების ნაწარმმა, თუ ირანული უხარისხო იყო, საკითხავია, რატომ რჩება ის გადახურვის ნაწილში? "- აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი. 

მისი თქმით, პრობლემა არც მხოლოდ გადახურვაშია, ღია ცისქვეშ არის და ნადგურდება ქვევრები.  

 კონკრეტულად, თუ საიდან ხდება ტაძრის კედლების დატენიანება,  სპეციალისტებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, ხარვეზების დასადგენად სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ბარამიძის განცხადებით, კომპლექსური რესტავრაციის პროცესს ხარვეზებიც თან ახლავს, თუმცა დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დასადგენად მონოტორინგი მიმდინარეობს. 

"2016 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს დაშვებულმა ხარვეზებმა სამი წლის შემდეგ იჩინა თავი, რამაც გამოიწვია კედლის მხატვრობის ფრაგმენტული დატენიანება, თუმცა კატასტროფული ვითარება ნამდვილად არ არის", -განაცხადა ბექა ბარამიძემ.  

სააგენტოში ადასტურებენ, რომ გადახურვაში გამოყენებული კრამიტი უხარისხოა.  "2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით დადგინდა, რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო მოყენებული დაბალი ხარისხისაა და არ არის გათვალისწინებული - კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის."

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "შესწავლილ იქნა ფასადებისა და ინტერიერის მდგომარეობა და დადგინდა მათ შორის ურთიერთკავშირი;  გამოვლინდა 2013-2019 წლებში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მოწყობილ გადახურვებზე 2020 წელს დაფიქსირებული ხარვეზების შედეგად კედლის მხატვრობის დაზიანებული მონაკვეთები;  მიმდინარეობს დაზიანებული ფრაგმენტის მდგომარეობის მონიტორინგი, მათ შორის გამომარილებულ მონაკვეთებზე მარილის ნაწილობრივი მოხსნა".

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და კომიტეტის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციას სხვადასხვა ეტაპზე აფინანსებდა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (2013-2018წწ) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (2018-2019წწ).

ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობის“ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე 2013 - 2019 წლებში გელათის კომპლექსური რეაბილიტაცია განხორციელდა ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ.

პროცესში ეროვნულ სააგენტოს შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებისა და საველე მისიების მეშვეობით სამუშოების გაცემულ სანებართვო პირობებთან შესაბამისობის კონტროლი ეკისრებოდა. 

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2010 წელს, ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის შემდეგ, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი. 2017 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე