|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

დღეს 23 ივნისს, ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიება გახსნა კონკურსის იდეის ავტორმა და თანადამფუძნებელმა, მევიოლინე ზანდა კიკვაძემ.

მან მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ქუთაისის ისტორიული როლი კულტურისა და განათლების განვითარებაში და ხაზი გაუსვა, რომ კონკურსი ლეგენდარული ლიანა ისაკაძის სახელს ატარებს – რაც არის როგორც დიდი პასუხისმგებლობა, ასევე მოტივაცია. საპატიო სტუმრის სტატუსით კონკურსს ესწრებოდა მიტროპოლიტი იოანე, რომელმაც დალოცა კონკურსი.

ღონისძიებაზე ვიდეო ფორმატით იქნა წარმოდგენილი ლიანა ისაკაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა – როგორც ვუნდერკინდის, დირიჟორისა და მუსიკალური დიპლომატიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მისი ხსოვნას.

კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჟიურის წევრია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი, პედაგოგი, ლიანა ისაკაძის მემკვიდრე. ჟიური წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მუსიკოსებით: მიქაელ შტრიხარცი (გერმანია) – ჟიურის თავმჯდომარე, ვირტუოზი მევიოლინე და პედაგოგი, მრავალი საერთაშორისო პრემიის მფლობელი; ზანდა კიკვაძე – მევიოლინე, პედაგოგი, დირექტორი, ორგანიზატორი; რაუფ მუსაევი (თურქეთი) – საყვირზე შემსრულებელი, პროფესორი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; რევაზ ჯავახიშვილი – ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი, ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. კონკურსის ორგანიზატორია ა(ა)იპ „არტ ვირტუოზი“ – გუნდი, რომლის წევრებმა საკუთარი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით საფუძველი დაუდეს კონკურსის მაღალ სტანდარტს: გიორგი ისაკაძე, ნინა ცაგარელი, ზანდა კიკვაძე, დარეჯან ფურცხვანიძე, ედუარდ გეგუჩაძე, გულო გეგეჭკორი, მარიამ ნემსაძე.

 კონკურსის გენერალური სპონსორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

ავტორი: