გენდერული თანასწორობა საქართველოს რეალობაში
ადამიანი სარკეა იმ საზოგადოების, რომელსაც წარმოადგენს. ერთიანი იდეოლოგიის მატარებელ სოციუმს ძირითადად საერთო ღირებულებები გააჩნია, თუმცა, შეუძლებელია, თითოეულ მოქალაქეს აბსოლუტურად იდენტური ინტერესები და ფასეულობები გააჩნდეს, შეიძლება ითქვას, ეს დამღუპველიც კი იქნებოდა სახელმწიფოსთვის.
სწორედ ამიტომ, ზემოაღნიშნულ საზოგადოებასთან ერთად ძირითადად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ მისგან ჰეტეროგენულად განსხვავებული სოციუმის წარმომადგენლები. სწორედ ამ ორი სხვადასხვა საზოგადოებრივი თვითშეგნების ადამიანთა აზრებისა და იდეების "დაჯახებით" წარმოიშობა უთანხმოება, რაც,ზოგადად, ნორმალურ პრაქტიკად მიიჩნევა, ვინაიდან ჯანსაღი აზრის ფორმირების ალბათობა ამგვარ ვითარებაში უფრო იზრდება. ვფიქრობ, შეუძლებელი და ალოგიკურიცაა იმ საზოგადოების ამგვარად დაყოფა, რომელთა მთლიანობა, რეალურად, ერს წარმოადგენს. ამასთანავე, ყველა სიკეთესთან ერთად, ხშირად გვიწევს გაბატონებული შეხედულებებისა თუ დამახინჯებული წარმოდგენების ერზე მიწერა...
თემა, რომელზეც მინდა შევაჩერო ყურადღება, არახალია და შეიძლება ითქვას, ზედმეტად გაცვეთილიც კი, თუმცა ამასთანავე აქტუალური და ხელშესახები. საუბარი მაქვს კონსტიტუციით, როგორც მთავარი კანონით, განმტკიცებულ უფლებაზე, გენდერულ (დის)ბალანსზე და იმაზე, რომ ... "ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად სქესისა..". მიუხედავად ამისა, პრობლემა აქტუალურია და, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ჯერ კიდევ დასაძლევი.
ალბათ, საჭირო არ არის აიხსნას, თუ რა არის გენდერული დისბალანსის გამომწვევი პრობლემის ძირითადი წყარო (ამაზე ყველას საკუთარი შეხედულება გააჩნია), თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, მას მნიშვნელოვანწილად სწორედ მენტალიტეტის, თუნდაც კულტურის, ან ხშირ შემთხვევაში რელიგიის გავლენა უდევს მყარ საფუძვლად. ფაქტი კი ისაა, რომ დღეს ჯერ კიდევ უამრავი ქალი არის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ოჯახსა თუ სხვა გარემოცვაში. მათი უმრავლესობა გამოსავალს სიჩუმის შენარჩუნებაში ხედავს, რაც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება.
ადამიანთა შეხედულება იმის შესახებ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სრულ უმრავლესობას არ ძალუძს მოვლენათა აღქმა/შეფასება/მართვა და ა.შ, ვფიქრობ, საფუძველს მოკლებულია, თუმცა ყველას აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი შეხედულება. რა თქმა უნდა, ამ უკანასნელმა უნდა იცოდეს, რომ მისი უფლება იწყება იქ, სადაც სხვისი მთავრდება და პირიქით.
მეტიც, არ უნდა შევზღუდოთ სხვისი უფლებები, თუ გვინდა, რომ ჩვენი არ შეიზღუდოს. რაც შეეხება რელიგიის ფაქტორს, როგორც ვიცით, ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალისა და მამაკაცის გენდერული ბალანსი სწორედ ამის გამო არის დარღვეული და ასეთ ქვეყნებში, ალბათ, ამ პრობლემის აღმოფხვრა შორეული მომავლის საქმეა, თუმცა ეს ცალკე თემაა.
აღსანიშნავია, რომ პრობლემა დგას მთელი მსოფლიოს წინაშე და დღევანდელი მონაცემებით იგი რეგრესირებადია. აღნიშნულში დიდი წვლილი მიუძღვის იმ აპრობირებულ მეთოდებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გენდერული ბალანსის შენარჩუნება-ჩამოყალიბებაში. ამგვარ მეთოდებში ვგულისხმობ სხვადასხვა სოციალურ კამპანიას, რომლებიც ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას უწყობენ ხელს, უწევენ პროპაგანდას თავისუფლებასა და თანსწორობას, როგორც უზენაეს და წარუვალ ფასეულობებს, ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ორივე სქესის ადამიანს მისცემს თავისუფალი განვითარების საშუალებას და არ შეზღუდავს არც ერთის უფლებებს.
ამგვარი ბალანსის პროპაგანდა ნიშნავს თანასწორობისა და დემოკრატიული, პლურალისტური სახელმწიფოს ფორმირების ხელშეწყობას და არავითარ შემთხვევაში მათ ხელოვნურად თანასწორობას. ისინი უბრალოდ ხელს უწყობენ ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობის განვითარებას, რომელიც თვითრეალიზაციის შესაძლებლობის მოთხოვნილებას გულისხმობს (თანასწორ გარემოში).
უფლებების გარდა, გენდერული ბალანსისთვის აუცილებელია ორივე სქესის წარმომადგენელს ჰქონდეს ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები როგორც მორალულად, ისე კანონის ფარგლებში. ზოგმა სახელმწიფომ სამართლებრივი რეგულირების საგანიც კი გახადა გენდერული ბალანსის გაწონასწორება და შედეგიც ნახა.
ბელგია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, შვედეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც გენდერული ბალანსის დაცვაში უპირველესად წარმომადგენლობითი ორგანო ჩართეს. ვგულისხმობ, გენდერულ კვოტირებას პარლამენტში. ამგვარი კვოტების არსებობა ნიშნავს ხელოვნურად დაბალანსებულ გენდერულ წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. იგი იცავს ქალებს პოლიტიკური ცხოვრების იზოლაციისგან, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი საფრთხე არ შეექმნას წარმომადგენლობით დემოკრატიას.
გენდერული კვოტირება ნიშნავს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის წახალისებას. როგორც ყველასთვის ცნობილია, პარლამენტი არის ის წარმომადგენლობითი/საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული ქვეყნის რეალობა. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომელიც გვეუბნება, რომ მსოფლიოში ნახევარზე მეტი ადამიანი მდედრობითი სქესისაა, მაშინ დაახლოებით ასეთივე წარმომადგენლობა უნდა ეკავოთ მათ საპარლამენტო ცხოვრებაშიც. თუმცა მოცემული სურათი, ჩვენი ქვეყნის სახით, სულ სხვა რეალობას გვიხატავს.
ამ კუთხით საქართველოში პირველი ნაბიჯები 2011 წელს გადაიდგა, როდესაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რაც გულისხმობდა პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის დანერგვას. პარტია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიის ყოველ ათეულში ორ ქალ კანდიდატს წამოაყენებდა, საბაზო დაფინანსების 10%-იან დანამატს მიიღებდა. 2014 წელს საბიუჯეტო წახალისება გაიზარდა, თუმცა მცდელობა ამაო გამოდგა, რეალობა თითქმის იგივე დარჩა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან ქალების რაოდენობა მხოლოს 23-ს შეადგენს.
გენდერულმა კვოტირების იდეამ უახლოეს წარსულშიც გაიჟღერა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო ინიციატივის საფუძველზე, ინიციატივას 30 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა სამომავლოდ პარლამენტის წარმომადგენლობის ყოველი მეორე ქალით დაკომპლექტებას, თუმცა რიგი მიზეზების გამო, კანონპროექტის მიღება საპარლამენტო ფორმატში ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ გენდერული წარმომადგენლობის ასეთ ხელოვნურ და „იძულებით“ დაბალანსებას ადამიანთა ერთი ნაწილი სულაც არ უჭერს მხარს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის დისკრიმინაციის ფარული გამოხატულება, ვინაიდან აკნინებს ქალთა უფლებას, თავად დაამტკიცონ საკუთარი მნიშვნელოვანი როლის არსებობა ქვეყნის განვითარებაში. მეორე ნაწილის აზრით, გენდერული კვოტირება არის ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური იზოლაციის ეფექტურად აღმოსაფხვრელად.
ვფიქრობ, მთავარია პრობლემის აქტუალობის აღიარება, პირველი ნაბიჯები კი ამ კუთხით უკვე გადადგმულია.
ქეთი ჯაფარიძე,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი.
ავტორი: ნიუპრესი