გერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღებას ულოცავს
გერმანიის საელჩო საქართველოში მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღებას ულოცავს.
„ვულოცავთ მზია ამაღლობელს 2025 წელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free Media Awards-ის მიღებას.
მზია ამაღლობელი აღიარებულ იქნა როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და დაჯილდოვდა ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, რომლის ფარგლებშიც მან დააარსა ორი მნიშვნელოვანი და სანდო მედიაპლატფორმა — „ბათუმელები“ Batumelebi.ge და „ნეტგაზეთი“ Netgazeti.ge
აღნიშნული ჯილდო მზიას გამბედაობის, ლიდერობის, სიტყვისა და მედიის თავისუფლების ურყევი დაცვის დამსახურებული აღიარებაა. ეს პრემია, განსაკუთრებული სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე გარემოში, ფაქტებზე დაფუძნებული, კრიტიკული ჟურნალისტიკის შექმნაში მისი უდიდესი წვლილის დადასტურებაა.
ამჟამად მზია ამაღლობელი საქართველოში 2-წლიან სასჯელს იხდის.
გულწრფელად ვულოცავთ მზიას ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ჯილდოს. მისი საქმიანობა დღემდე შთაგონების წყაროა არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
პრემია Free Media Awards-ი დაარსებულია ნორვეგიული ფონდის The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ“ - წერს საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი