|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს?

"ნიუპრესის" ინფორმაციით,  ქუთაისში   "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, გია თევდორაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებული  ინფორმაციით, პარლამენტარი საღამოს საათებში მარი ბროსეს ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც  ერთ-ერთი მოქალაქე ფიზიკურად დაუპირისპირდა.  აღნიშნულის შესახებ "ნიუპრესს"  თვითმხილველმა განუცხადა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დაფიქსირება არ ისურვა. 

„გია თევდორაძე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ  უთხრა, რომ მან უმიზეზოდ დაიჭირა. საპასუხოდ თევდორაძემ  განუმარტა, რომ იმ დროისთვის ის მხოლოდ ქუთაისის მერი იყო, რის შემდეგაც მოქალაქე მას ფიზიკურად დაუპირისპირდა“,-აცხადებს თვითმხილველი.

დაპირისპირების ფაქტს უარყოფს გია თევდორაძე. „მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია წინასაარჩევნო კამპანია. თუ რატომ ავრცელებენ ამ დეზინფორმაციას, ჩემთვის უცნობია“,-აღნიშნავს თევდორაძე.

მარი ბროსეს ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს დაპირისპირებაში  გია თევდორაძის  მონაწილეობას არ ადასტურებს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი