|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი გახარია ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია დღეს ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ნალექების რაოდენობის განსაზღვრისა და შესაძლო ზიანის პრევენციის შესაძლებლობას იძლევა. 
თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟდა.  პროექტის ჯამური ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს. 
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახალი რადარი საშუალებას იძლევა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი წყალშემცველობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ ქუთაისიდან 200-250 კმ-ის რადიუსში.
 
გარდა ამისა, რადარის მეშვეობით შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
 პრემიერი დღეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, დაათვალიერა რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები, იმყოფებოდა წყალტუბოსა და სოფელ ზედა საქარაში, სადაც ახლადაშენებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. 
 

ავტორი: ნიუპრესი