გიორგი ვაშაძე ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარს აცხადებს
"ნიუპრესის" ინფორმაციით, ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის რიგგარეშე არჩევნებში ოპოზიცია "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის წარდგენას გეგმავს.
გიორგი ვაშაძე არ უარყოფს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა მისი თქმით, ამ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ოპოზიციას ერთი კანდიდატი ეყოლება.
"იყო ამაზე საუბრები, შემოთავაზებები სხვადასხვა პარტიებიდან, მაგრამ მხოლოდ მხარდაჭერა არ კმარა, ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. მე ვფიქრობ, ერთადერთ შემთხვევაში აქვს ამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აზრი, თუ ერთიანი კანდიდატი დასახელდება. მაინცდამაინც ჩემზე არ ვსაუბრობ, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა, შესაძლოა, პრაიმერის გზით გამოვლენილი, თუ აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ამ ეტაპზე, არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლების თამაშს თამაშობენ და ფიქრობენ ამ გაერთიანების ჩაშლას", -განაცხადა ვაშაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე არ განიხილავს ვანისა და ხონის მანდატისათვის ბრძოლაში ჩაბმას, თუმცა აცხადებს, რომ ეს გაერთიანება მომავალი არჩევნების კონტექსტში უნდა განიხილონ.
"პროცესი კიდევ უფრო ფართო კონტექსში უნდა დავინახოთ, ერთიანი ფორმატის შექმნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ", -განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში რიგგარეშე არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. მანდატი გრიგოლ ლილუაშვილის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შედეგად გამოთავისუფლდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე