გოჩა აბულაძე: ყველგან საქართველოს სახელით გამოვდივარ [VIDEO]
ქუთაისის ოპერის თეატრში ვერდის ოპერა "რიგოლეტო" გოჩა აბულაძისა და მარიკა მაჩიტიძის მონაწილეობით გაიმართა. წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია.
ევროპაში აღიარებული ბარიტონი გოჩა აბულაძე პირველად წარსდგა სპექტაკლით ქუთაისელი მსმენელის წინაშე. მან რიგოლეტოს პარტია შეასრულა, ჯილდას როლში პარტნიორობას ასევე ქუთაისელი, თუმცა თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე უწევდა. გოჩა სამშობლოში რამდენიმე დღით იმყოფებოდა, ქუთაისის ოპერის თეატრმა ეს შანსი არ დაკარგა და მას სპექტაკლში მონაწილეობა შესთავაზა. შედეგად, მაყურებელმა დღესასწაული იხილა.
"ნიუპრესმა" გოჩა აბულაძესთან ინტერვიუ სპექტაკლის დაწყებამდე ჩაწერა.
-ქუთაისში სპექტაკლით პირველად გამოდიხართ, როგორია თქვენი განწყობა და მოლოდინი?
- ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი, 2004 წლიდან, რაც წავედი ჩემი ქუთაისიდან, სპექტაკლში არ მიმღერია, იყო რამდენიმე კონცერტი, მაგრამ სპექტაკლი - არა. როგორც კი მომეცა საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ 10 დღითა ვარ ჩამოსული, დავთანხმდი შემოთავაზებას. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედია, დღეს ყველა კმაყოფილი დარჩება და გავახარებ ჩემს გულშემატკივრებს.
-იდეა ვის ეკუთვნის?
-ოპერის თეატრიდან შემომეხმიანენ, კონკრეტულად, დირიჟორმა მომწერა, რეზო ჯავახიშვილმა. მე მასთან არაერთხელ მიმუშავია, თბილისში ვყოფილვართ სცენაზე, მაგრამ ქუთაისში ეს ჩვენი ერთობლივი დებიუტი იქნება. იმედით ვარ დღევანდელი დღისადმი განწყობილი. ქუთაისელები ვმღერით დღეს ყველა, ბადრი ადამია, აკაკი იოსელიანი, მარიკა მაჩიტიძე... ერთი გვყავს არაჩვეულებრივი მეცო სოპრანო ნუცა ზაქაიძე თბილისიდან.
-როგორც მომღერალი, თქვენს წარმატებას რას უკავშირებთ?
-ჩემი მიზანი იყო მომღერლობა, მიზანიც და ჩემი ცხოვრებაც ისე წავიდა, რომ ვცხოვრობ სიმღერით, სხვა პროფესია ვერც წარმომიდგენია, რა უნდა გავაკეთო, ვმღერივარ, მიმღერის გული, სული, და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო, მეტი შევძლო, ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. ევროპაში უკვე რვა წელია ვარ, თავიდან 2 წელი ვსწავლობდი, შემდეგ უკვე ჩემი სააგენტოს ხელშეწყობით, 22 წამყვანი პარტია შევასრულე ევროპის დიდი თეატრების სცენაზე. წინ კიდევ მელოდება ძალიან საინტერესო პროექტები. ძალინ მოტივირებული ვარ ამ მხრივ.
-ამ ეტაპზე რომელ თეატრში ხართ?
-ამჟამად მე ბერლინში ვცხოვრობ, მაგრამ ვარ თავისუფალი, პროფესიონალი მომღერალი, ვმღერივარ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, ახლა მქონდა ასეთი ტურნე -ავსტრია, მერე სარდინია, იტალია, პარმა, ახლა ვბრუნდები ბოძანოში, მერე ისევ გერმანიაში და მთელი ზაფხული ვიქნები ვერონაში, სადც იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ფესტივალი- "არენა დი ვერონე".
-თქვენ არასოდეს კარგავთ კავშირს ქართველ შემსრულებლებთან, როგორც მახსოვს, ანიტასთან ერთად გქონდათ კონცერტი...
-ანიტა ჩემი ძალიან დიდი მეგობარია, არა მარტო ის, ნინო მაჩაიძე, ჩვენი საამაყო მომღერლები გიორგი გაგნიძე, გიორგი ონიანი, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მეამაყება და ძალიან მაძლიერებენ თავიანთი დიდი წარმატებებით, სამაგალითოები არიან თავიანთი პროფესიონალიზმით, სიმღერით, მეგობრობითა და ქართველობით. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან მეგობრობა, სიახლოვე და საერთოდ, ქართველების ერთან ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
-რამდენად გრძნობთ პოპულარობას სამშობლოში?
-მე ძალიან მსიამოვნებს ქუთაისში ყოფნა, ძალიან ბევრი ადამიანი მესალმება, მოდის, ძალიან ბევრი ახლობელი მყავს აქ. ჩემი უთბილესი და უსაყვარლესი ქუთაისი სულში და გულშია ყოველთვის, შორსაც რომ ვარ, ვუმღერი, მენატრება... მაშინაც კი, როცა არაფერი მაქვს სამღერი, მემღერება, როცა ქუთაისში ვარ...
-თქვენს პოპულარობას სოციალურმა ქსელმაც ხომ არ შეუწყო ხელი?
-ეს ვიდეო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, სპონტანურად ჩაიწერა, დიდი ხნის წასული ვიყავი და როცა დავბრუნდი, ჩემს ძმასთან ერთად მეგობრებთან ვიყავით, ის სიმღერაც მაშინ შევასრულეთ - "საქართველოო ლამაზო", ძალიან მოეწონათ, მას შემდეგ ბევრი გვადევნებს თვალს...
-გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ხშირად წაიღიღინებთ ხოლმე ...
-კი, გიტარა მიყვარს ძალიან, როცა სახლში ვარ, როცა ვისვენებ, ჩემთვის დასვენებაც სიმღერაა, ოღონდ სსხვანაირი სიმღერა, ქალაქური სიმღერები...
- ფოლკლორისაც მღერით?
-ვმღერი ხშირად ჩემს ქართულ ხალხურ სიმღერებს, თუ რაიმე გამაჩნია განსაკუთრებული, ფოლკლორიდან მოდის და ჩემი ფესვებიდან, ძველი ქართული სიმღერებიდან, რასაც ბავშვობიდან ვმღერი.
-როგორც ვიცი, წარსულში მორაგბეც იყავით?
-მორაგბე ვიყავი, ძალიან მიყვარს ჩემი "აია", ქუთაისელი მორაგბეები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. ერთხელ, 2013 წელს, ჩემი დებიუტი იყო საფრანგეთში, "დონ ჯოვანს" ვმღეროდი. მონპელიეში რომ ჩავედი, პირველ რიგში, ჩვენ საამაყო მორაგბეს მიხეილ ნარიაშვილს შევეხმიანე, ის მონპელიეში თამაშობს. ისე მოხდა, რომ ამ ქალაქში ოპერაზე ადრე სტადიონი ვნახე, მიხომ წამიყვანა, ბაზა დამათვალიერებინა, როგორც ქუთაისელს შეეფერება, ძალიან დამიდგა გვერდით, ასეთი მეგობრები შემძინა რაგბმა...
-ამბობთ, რომ ყველგან საქართველოს სახელით გამოდიხართ, ეს როგორ?
- ყველგან ჩემი ქვეყნის სახელით გამოვდივარ, ყველა ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან ვარ. ჩემს ბუკლეტებში წერია, რომელი ქვეყნიდან ვარ, რომ არ დაწერონ, მივალ და მოვითხოვ, რომ ეს აუცილებლად ეწეროს. საქართველოა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია. ჩვენ რომ იქ ვიმკვიდრებთ თავს, ამით საქართველოს ვემსახურებით, ჩემთვის ასეა... უცხოელები, რომლებიც მოდიან კონცერტზე, ეცნობიან, რომ ქართველი მღერის, შემდეგ მოდიან, გეკითხებიან, სად არის ეს ქვეყანა.. ბედნიერი ვარ, რომ ამით ჩემი ქვეყნის სახელი გამაქვს. ჩემს თავზე არ ვიტყვი, მაგრამ ჩემი მეგობრები, რომლებსაც დიდი კარიერა აქვთ, უდიდეს საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, მათ შესახებ უფრო მეტი უნდა იცოდნენ საქართველოში, რომ სხვებმა მაგალითი აიღონ, თუ რას ნიშნავს ქართველობა და როგორ შეიძლება, შენი ქვეყანა კარგი კუთხით წარმოაჩინო.
-თქვენი ძმაც მომღერალია, ის სად არის ახლა? მისი ამბები უფდრო ნაკლებად ვიცით...
-უჩა ტორონტოშია, იმ ვიდეოში, რომელიც ახსენეთ, ერთად ვმღერივართ "საქართველოო ლამაზოს". ახლა ტორონტოში მღერის, საკმაოდ კარგად მიდის მისი საქმეები, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ქუთაისში ჩვენი საყვარელი გულშემატკივრების გახარებას ერთად სიმღერით.
-თქვენი საყვარელი როლი რომელია?
-რიგოლეტიო, 3 წლის წინ შედგა ჩემი დებიუტი "რიგოლეტოში", საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი 29 წლის ამ როლისათვის.
-რა არის ამ როლის მთავარი ხიბლი?
-ალბათ, ვერდის მუსიკა, მე ხასიათით უფრო დრამის მოყვარული ვარ, ვიდრე კომედიის. თვითონ ეს პერსონაჟი და მუსიკა, როცა მოვისმინე, მივხვდი, რომ ეს ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ვერც ვბედავდი იმაზე ფიქრს, რომ მალე მომიწევდა ამის სიმღერა... ფსიქოლოგიურად, გამარჯვება იყო ეს ჩემთვის და უფრო გავთამამდი, ახლა მექნება ისეთი დებიუტები, როგორიცაა ვერდის "ნაბუკო", "ოტელოში" იაგოს ვიმღერებ იანვარში... მოკლედ, ვერდი ჩემი საყვარელი კომპოზიტორია.
ავტორი: ირინა მაკარიძე