|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია - სოლიდარობა „რიონის ხეობის მცველებს“ და ყველას, ვინც ქვეყნის დასაცავად დგას

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო „რიონის ხეობის მცველებს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყნის დასაცავად დგას, - წერს პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია. ის ასევე სოლიდარობას უცხადებს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას. 

გოგი წულაიას თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ისევ ციხის საავადმყოფოში რჩება.

 

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო. ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად, ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში, მაგრამ ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ.

პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკ მელიას, რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსურვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.

ასევე, შეშფოთებული ვარ „ნამახვანჰესის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო „რიონის ხეობის მცველებს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით, როგორც ერთი, რიგითი პატრიოტი და გარეთ რომ ვიყო, აუცილებლად თქვენთან ვიქნებოდი, მეც თქვენ გვერდით ვარ შორიდან, მაგრამ გულით გიჭერთ მხარს, გაუძელით! სამართალი აუცილებლად იზეიმებს“, - წერს წულაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გოგი წულაია ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. 

ავტორი: ნიუპრესი