გოგი წულაია ხონი-ვანის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა ოფიციალურად საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია.
მისი თქმით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ცდილობს გაარკვიოს, თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი.
"ჯერ მინდა განწყობები შევისწავლო, თუ კი მექნება გამარჯვების შანსი, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ვანში ახლო ნათესავები მყავს, ხონში მეგობრები, მათი მეშვეობითაც ვცდილობ მოსახლეობის განწყობების გარკვევას. რაც შეეხება ოპოზიციის კონსულტაციებს ერთიანი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით, ვნახოთ, თუ კი ასეთი ერთიანობა შედგა, ამას რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ, ჯერ დრო არის", -განაცხადა გოგი წულაიამ.
ამ დროისათვის 28 აპრილს ჩანიშნული შუალედურ არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა უკვე ეწევა წინასაარჩევნო კამპანიას. "ქართული ოცნება" კი ვანი-ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის წარდგენას გეგმავს.
სხვა პარტიები ჯერჯერობით არ ჩქარობენ და კონსულტაციებს აწარმოებენ. ცესკოს ინფორმაციით, კანდიდატურების წარდგენის ვადა 29 მარტს მთავრდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე