გუბეები საბავშვო მოედანზე - მოსახლეობა საარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვს
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის დასაწყისში მცხოვრები მოსახლეობა ბინებამდე მისასვლელი გზისა და მოედნის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, მოედნის მოწყობას რამდენჯერმე დაპირდნენ, თუმცა უშედეგოდ.
"მოედანზე უკვე ბაყაყები დასახლდნენ, ბავშვები გვყავს და ამდენი ხანია დატბორილ მოედანს ვუყურებთ. ერთხელ მოწვიმს ჩადგება წყალი და პატრონი არავინ ჰყავს, რომ მიხედოს. რამდენჯერმე დაგვპირდნენ მოედნის მოწყობას, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით", - აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც ნიკეას მაჟორიტარი კახა ბოჭორიშვილი "ნიუპრესთან" საუბრისას აღნიშნავს, მოედნისა და გზის მოწყობის პროექტი დამუშავების პროცესშია.
"მე მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები და მაშინ ვუთხარი, რომ მოედანი აუცილებლად მოეწყობოდა, ამჟამად პროექტზე ვმუშაობთ. იგივე შემიძლია გითხრათ ბინებამდე მისასვლელ გზაზეც, პროექტს ნელი ტემპით ვაკეთებთ, რადგან ადრინდელზე უფრო ხარისხიანი იყოს. წლის ბოლომდე მოედანიც მოწყობილი იქნება და გზაც", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე