"გვირილობა" – სახალხო ზეიმი თუ ბიუროკრატთა გამოფენა?
"გვირილობა 2016" უკვე დასრულდა. წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს ქალაქის დღესასწაული კვირეულის ფარგლებში აღინიშნა. ქალაქის ცენტრში ღონისძიებები 3 მაისს გაიმართა, მუხნარის ტყეში კი იმერული სამზარეულოსა და შემოქმედების ფესტივალმა 4 მაისს გადაინაცვლა. კვირის დანარჩენ დღეებში სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გადანაწილდა. ნაწილი საინტერესო გამოდგა, ნაწილი ნაკლებად, ნაწილი კი, საერთოდ ჩაიშალა.
"ეს ღონისძიებები თქვენთვის კეთდება და მაქსიმალურად გაერთეთ", – მიმართა ქუთაისის მერმა საზოგადოებას და თავად ქალაქის ტრადიციასა და მომავალზე სტუმრად მყოფ უცხოურ დელეგაციებს უამბო. ღონისძიებებთან ერთად, სიმრავლით გამოირჩეოდა დელეგატთა რაოდენობა. ქუთაისმა ოცი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა. იყო მილოცვები, მადლობები და საჩუქრები.
ადგილობრივი თვითმმართველობისგან განსხვავებით, "გვირილობისათვის" დახარჯული ათეულ ათასობით ლარი წყალში გადაყრილად მიიჩნია საზოგადოების ნაწილს. არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი გია გოქაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ქალაქს დღესასწაულისაგან დარჩა. გოქაძის ანგარიშით, შედეგები არც თუ სახარბიელოა, კონკრეტულად კი, ორი ზებრა, რომელიც რამდენიმე დღეში დავიწყებას მიეცემა. გოქაძე თვლის, რომ ქალაქის დღესასწაულს ხალხი თავად უნდა აღნიშნავდეს და ზეიმობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „ბიუროკრატთა გამოფენად“ დარჩება.
"გვირილობა თავის არსით საქველმოქმედო ხასიათის დღესასწაული იყო, გროვდებოდა თანხა ტუბერკულიოზით დაავადებულთა დასახმარებლად და სიკეთე კონკრეტული ადამიანების გასაჭირს ხმარდებოდა. მას შემდეგ, რაც კომუნიზმმა საყოველთაო მზრუნველის როლი იტვირთა, დღესასწაული ღრეობად იქცა - ადგილობრივ ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ორგანიზაციების მუშაობის "ანგარიშად" და ბიუროკრატიის გამოფენად. დღესასწაულის ძირითადი "თვალსაჩინოება" საღორიის ტყეში გამოფენილი 11 მუნიციპალიტეტის სუფრებია. ვის ვეჯიბრებით და რაში, მაშინ, როცა ქალაქი შიმშილობს?"–აცხადებს გოქაძე და თვლის, რომ ევროპული პრაქტიკა, ამ მხრივ, სხვაგვარია და მერიის საქვეუწყებო სტრუქტურების პიარს არ გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობა იქ ფესტივალების გამართვის ხელშემწყობ ინსტიტუტად გვევლინება, ხშირად მხოლოდ ფესტივალების ჩასატარებელ ადგილს გამოყოფს და ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებით შემოიფარგლება.
"აქ პირიქითაა, კერძო ინიციატივა ბიუროკრატიის ხუშტურებს ეწირება. მანამ, ვიდრე ქალაქში ყველაზე დიდი დამსაქმებელი ორგანიზაცია მერია იქნება, გადასახადის გადამხდელის ფული ბიუროკრატიის "სიკეთეთა" დემონსტრირებას მოხმარდება. ჩვენ სხვაგვარ ქუთაისობას ვისურვებდით, რაც მთელი ქალაქის და მისი მცხოვრებლების ზეიმი იქნებოდა და არა მერიის, საკრებულოს და გუბერნიის მაღალი თანამდეობის პირებისა. რეალურად, ამ ღონისძიებათა მოწყობა დიდი ფული ჯდება, ფული უძირო ქვევრში იყრება და ეკონომიკური ეფექტი ნულოვანია. რა შეგვრჩა დღეს 2016 წლის გვრილობიდან? ზებრა მერიის წინ, ერთ კვირაში ისიც აღარ იქნება!",- აცხადებს გია გოქაძე.
"გვირილობას" მოწინააღმდეგეები მედიაშიც გამოუჩნდა. ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ სავარდო და სამაისო ქუთაისში გვირილობის აღნიშვნის ტრადიცია სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.
"სავარდო და სამაისო ქუთაისში, "გვირილობას" აღნიშნავენ. ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად მსოფლიოში გამართული აქცია თავს მოახვიეს ქალაქს და თურმე, ისიც უნდა მიხაროდეს, რომ "გვირილობა" ამოირჩიეს და არა სხვა საქველმოქმედო აქცია, თუნდაც "ყინულის წყლის თავზე გადასხმის" მოდა.
მაშინაც, როცა 17 წლის ულამაზესი საშა ჩიქოვანი შემოწირულობის სანაცვლოდ "გვირილს" აბნევდა გულზე ქუთათურებს, და ახლაც, ერთი საუკუნის შემდეგ, - გვირილა ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარი სიმბოლოა და ყოველი წლის 24 მარტს მსოფლიოს ბევრ ქალაქში დაინახავთ გულზე დაბნეულებს.
მე ის კი არ მიკვირს, რომ ჩემს ქალაქში ასეთ უაზრობებს ამკვიდრებენ ტრადიციის სახელით, - არამედ ჭკვიანი ხალხის, ქუთაისის მცოდნე ადამიანების, ჭეშმარიტი ქუთათურების დუმილი ამ სისულელეებისადმი", –აცხადებს კაჭახიძე.
„გვირილობა“ ქალაქის დღესასწაულად ქუთაისში 2009 წლიდან აღინიშნება. იქამდე ქალაქის დღეს "ორმაისობა" ერქვა. ქალაქის მაშინდელი მერის გია თევდორაძის განცხადებით, მათი მიზანი ქალაქის დღესასწაულის მუხნარის ტყიდან ქალაქის ცენტრში გადმოტანა იყო. მისი თქმით, მართალია, გვირილობა თავისი არსით ქართული ტრადიცია არ არის და ის ევროპიდან შემოვიდა, მაგრამ საქართველოში, მხოლოდ ქუთაისმა აიტაცა ეს საქველმოქმედო წამოწყება. რაც დამახასიათებელი ქუთაისისათვის, მისი ევროპელობა, ამიტომ ვაქციეთ ჩვენ ის ქალაქის დღესასწაულად - განმარტა გია თევდორაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი მოქმედ ხელისუფლებას მათ მიერ აღდგენილი ტრადიციის გაგრძელებას უწონებს, თუმცა შენიშვნასაც გამოთქვამს.
„მე უკვე დამხვდა ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია,“სავარდო და სამაისო ქუთაისი“ ერქვა, რასაც წლების მანძილზე აღნიშნავდა თემურ შაშიაშვილი. ჩვენ „სავარდო და სამაისო“ ვაქციეთ „გვირილობის დღესასწაულად. "სავარდო და სამაისო ქუთაისი“ უფრო საბჭოური დღესასწაულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თავისი მწვადებით, დოღით, რაც, რა თქმა უნდა, ლამაზი და კოლორიტულია და არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ ჩვენ ქალაქის ღონისძიება გადმოვიტანეთ ქალაქის ცენტრში, რეაბილიტირებულ უბანში. ვფიქრობ, ქუთაისის დღესასწაული ოპერის თეატრთან, მესხიშვილის თეატრთან, თეთრ ხიდთან, მეფეთუბანთან, პირველ გიმნაზიასთან უნდა აღინიშნებოდეს. ამ შემთხვევაში მე დღევანდელ ხელისუფლებას არ დავუწუნებ არჩევანს, რომ „სავარდო და სამაისოსთან“ შედარებით გვირილობაზე აკეთებენ არჩევანს. თუმცა, ჩვენ გვქონდა ტრადიცია ყოველ გვირილობის დღეს, ახალ ინფრასტრუქტურულ ობიექტს შევმატებდით ხოლმე ჩვენს ქალაქს, რასაც ახლა ვერ ვხედავ“, -განაცხადა გია თევდორაძემ.
მისი თქმით, ეს ის ღონისძიებაა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა ღირს, რადგან ეს ზრდის ქუთაისის ცნობადობას. „ ეს არის ის ღონისძიება, რომლისთვისაც ღირს ბიუჯეტიდან ფულის დახარჯვა, რადგან ეს რომელიმე პოლიტიკური ძალისა და ხელისუფლების პიარი კი არა, ესაა ქალაქის პიარი, რაც ქუთაისის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, მის ტურიტურ მიმზიდველობას უფრო საცნაურს ხდის, როგორც უცხოელების, ასევე ჩვენი თნამემამულეებისათვის“,- მიაჩნია გია თევდორაძეს.
ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნას მიესალმება "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ხაზარაძე. მისი თქმით, პროგრამას ის გუნდი ადგენს, რომელიც ხელისუფლებაშია, ამიტომ მათ მეტი კრეატიულობა მართებთ. ხაზარაძე ასევე თვლის, რომ ფსევდოტრადიცები უნდა გაუქმდეს.
"კარგია, როდესაც ქალაქს აქვს აღსანიშნავი თარიღი, ორმაისობას ვგულისხმობ, მთავარია, სადღესასწაულო პროგრამა შინაარსობრივად საინტერესოდ იყოს დატვირთული. არის ტრადიცია, რომელიც ქალაქმა არ უნდა დაივიწყოს. ფსევდოტრადიციებისგან კი გათავისუფლება გვმართებს. ამ ყველაფერს გეგმავს და ალაგებს ის გუნდი, რომელიც კონკრეტულ მოცემულ მომენტში ქალაქის ხელისუფლებას წარმოადგენს. ვისურვებდი მეტ კრეატიულ, თანამედროვე, გაბედულ მიდგომებს, რომ დღესასწაულებს მეტი ელფერი და ხიბლი ჰქონდეს"–აცხადებს ხაზარაძე. მისივე თქმით, თუ ქალაქის ხელისუფლებაში მათი გუნდი მოვა, ქუთაისი მეტად განვითარდება.
რა დაუჯდა "გვირილობა" ქალაქს, ამის დაზუსტებას მერია ახლა იწყებს. რა თანხაც უნდა იყოს ეს, ხელისუფლებაში მიაჩნით, რომ ქალაქის პოპულარიზაცია ამად ღირს. "გვირილობის" ღონისძიება ყველა გემოვნების ადამიანისათვის იყო გათვალისწინებული, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვეჩინა ქალაქის სახე. "გვირილობა" კვირეულის ფარგლებში აღვნიშნეთ, რომ მოსახლეობისათვის მეტი ღონისძიება შეგვეთავაზებინა, ვთვლი, რომ ლამაზი დღესასწაული გამოვიდა"-განაცხადა შოთა მურღულიამ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის დღესასწაული ქუთაისს ვერ გასცდა. როგორ იწონებდა საპარლამენტო ქალაქი თავს, ამით ცენტრალური ხელისუფლება საერთოდ არ დაინტერესებულა. უცხოური დელეგაციებისა და პარლამენტის ორი დეპუტატის გარდა, ქუთაისში მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების წევრებს ვერ ნახავდით. ხელისუფლების ეპატაჟურობას მიჩვეული ქალაქი, წელს არც პრეზიდენტმა გაიხსენა. არადა, ქუთაისში ამბობდნენ, ქალაქი სტუმრების პომპეზურად მიღებისათვის მზად იყო. ქუთაისის პატივი მხოლოდ „რეგიონების მინისტრმა“ დადო, განათლების მინისტრმა კი ჩამოსვლა გადაიფიქრა. ქალაქს წელსაც სტუმრობდა ბაგრატიონების შთამომავალი ხუან ბაგრატიონი და მისი მეუღლე ქრისტინე ძიძიგური.
მნიშვნელოვანი, რაც იმ დღეებში ქუთაისმა შეიტყო, ისაა, რომ ის განსაკუთრებული სტატუსის მფლობელი გახდება, თუ პარლამენტი ომარ ნიშნიანიძის ინიციატივას მხარს დაუჭერს.
ამავდროულად, ქუთაისი იმ სტატუსის შენარჩუნებაზე იბრძვის, რასაც ოთხი წელია ატარებს. კიდევ რამდენ ხანს გასტანს ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქობა, ამის თქმა, ძნელია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი