იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტმა გასულ თვეში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე გააძევა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ნიგერიის - ჯამში 37 მოქალაქე", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
ავტორი: ნიუპრესი