სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
2026 წლის 23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, - ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მანჯგალაძის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ძალადობის ორგანიზებაში მის მონაწილეობას დაადასტურებს.
„ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობაზე, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე", - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:


10:03
09:58
14:27
11:00
















