იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ ლევან სანიკიძე დაინიშნა
იმერეთის გუბერნატორის ახალი მოადგილე ყავს. სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილება დღეს განხორციელდა.
იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ მის პირველი მოადგილედ ლევან სანიკიძე წარადგინა.
ლევან სანიკიძე ამ დრომდე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი იყო. ის ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. სანიკიძეს დეპუტატის უფლებამოსილება რამდენიმე დღის წინ შეუწყდა.
მან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ქონებრივი საკითხები, სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია, სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული მიმართულებები ჩაიბარა.
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ვაკანტური იყო, მას შემდეგ, როცა პირველი მოადგილის პოსტიდან ქუთაისის ამჟამინდელი მერი იოსებ ხახალეიშვილი გადადგა.
ავტორი: ნიუპრესი