იმერეთის გუბერნიაში ავტომობილების საწვავის ხარჯები 30 000 ლარით გაიზარდა
იმერეთის გუბერნიის ბალანსზე 12 ავტომობილი ირიცხება. გუბერნიიდან მოწოდებული ინფორმაციით, ავტოპარკში არსებული სამი ავტომობილი დაზიანებულია. ტოიოტას მარკის ავტომობილები ემსახურებათ იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს და მის მოადგილეებს. ერთი მოადგილის განკარგულებაში შკოდას მარკის ავტომობილია, თუმცა ეს პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.
"ნისან ნავარას" მარკის ავტომობილი გუბერნიას 2017 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ბრძანებით უსასყიდლოდ გადაეცა.
ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, როდის განახლდა ავტოპარკი და მოხდა თუ არა სანომრე ნიშნების შეცვლა და რა თანხა დაიხარჯა ამაზე, თუმცა გუბერნიამ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნიამ "პოლიტიკური სანომრე ნიშნებისთვის" თითოეულში 250 ლარი გადაიხადა, რაც გუბერნიამაც დაადასტურა.
რაც შეეხება ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფას, 2017 წელს ბიუჯეტიდან 59 557, 63 ლარი გაიხარჯა. აქედან 15 815 განსაზღვრულია დიზელზე, 43 742 ბენზინზე.
ავტომანქანების სარემონტო ხარჯებმა გასულ წელს 27 908, 40 ლარი შეადგინა, სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯებმა კი 11 212, 20 ლარი.
გუბერნიის ინფორმაციით, 2018 წელს ავტომანქანების მომსახურებისათვის 121 000 ლარს დახარჯავს, საიდანაც საწვავის შესაძენად 90 000 ლარია გამოყოფილი. ეს გასული წლის ამავე ხარჯებს 30 000 ლარით აღემატება.
სხვა ხარჯებისთვის -31 000 ლარი, მიმდინარე რემონტზე 25 000 ლარი, ექსპლოატაციის, მოვლა, შენახვისა და სათადარიგო ნაწილების შეძენისათვის კი 6 000 ლარი დაიხარჯება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი