იმერეთის გუბერნიაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა იმართება
იმერეთის გუბერნიაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა დაიგეგმა. შეხვედრის პარალელურად გარეთ ასობით ადამიანია შეკრებილი.
აქციიის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკება სურთ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს, იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს პარმენ მარგველიძეს.
რიონის ხეობის მცველები ქუთაისში უკვე მივიდნენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ შეხვედრის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს. ამის მიუხედავად, ისინი შეხვედრას დაესწრებიან, სადაც, მათი თქმით, მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე იქნება საუბარი და მოხდება დიალოგის ფორმატზე შეთანხმება.
"შემთხვევით გავიგეთ ამ შეხვედრის შესახებ და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ თუ ამას ვერ გავიგებდით, შეიძლება მათ ეთქვათ, რომ ჩვენ არ მივედით ამ შეხვედრაზე და მოყვებოდა ამას სპეკულაციები, რაც აქამდეც ხდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა ვინმესთან საუბრის, ამიტომ დავიძვრებით ახლა ქუთაისისკენ. ჩვენი მხარდამჭერები დადგებიან მუნიციპალიტეტის შენობასთან და რამდენიმე წარმომადგენელი შევალთ შეხვედრაზე",- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი