იმერეთის სამხარეო პოლიციაში "მკვლელ პოლიციელთა" ჯგუფია -დაკავებულის მეუღლე
იმერეთის სამხარეო პოლიციაში "მკვლელ პოლიციელთა" ჯგუფია- ინფორმაციას 9 აგვისტოს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის მეუღლე ავრცელებს.
დაკავებულის ახლობლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და მკვლელობაში სამართალდამცველები დაადანაშაულეს. დაკავებულის მეუღლის ნინო მეფარიშვილის თქმით, მის ქმარს დანაშაული არ ჩაუდენია და უსაფუძვლოდ დააკავეს.
ადვოკატი ნინო მეფარიშვილი მკვლელობაში პოლიციელებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველების მიერ მოხდა ფაქტების და კვალის წაშლა, მის მეუღლეს კი ბრალად დებენ ადამიანის მკვლელობას, რომელსაც არ იცნობდა და არც შურისძიების მოტივი ამოძრავებდა.
ნინო მეფარიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანის სისხლის კვალი იყო, მოხდა ორმხრივი სროლა, თუმცა კვალი დანაშაულის დაფარვის მიზნით წაიშალა. მისი თქმით, "მკვლელი პოლიციელები" ცდილობენ, დანაშაული დაფარონ და უდანაშაულო ადამიანები დააკავონ.
დაკავებულის მეუღლე თვლის, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. დაკავებული მამაკაცის მეგობრების თქმით, ცხრა აგვისტოს ისინი მთელი დღე დაკავებულთან ერთად იყვნენ და მათ მეგობარს დანაშაული არ ჩაუდენია.
მათივე მტკიცებით, როდესაც მოწმის სახით გამოკითხვაზე იყვნენ, ტყიბულის პოლიციაში მათზე იძალადეს. ტყიბულში ცხრა აგვისტოს მომხდარ საქმეზე ერთი პირი 16 აგვისტოს ქუთაისში დააკვეს. მას ჯერ ბრალი არ წარდგენია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი