იმერეთში 1200 ჰა-ზე მეტ ფართობზე მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა
სახელმწიფო თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონში მრავალწლოვანი ბაღები 1200 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში გაშენებული ბაღები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ მოინახულეს.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი ფერმერმა კობა ჭულუხაძემ 9 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48,550 ლარია;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, ქვეყნის მასშტაბით, ახალი ბაღები უკვე 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენდა და ეს ფართობები კიდევ უფრო გაიზრდება. სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაკლოვან კულტურებს, ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,455 ჰა -ზეა გაშენებული. თანადაფინანსება 39,166,940 ლარს შეადგენს.
იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 1.2 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან კაკლოვნები 207 ჰა -ზეა გაშენებული, თანადაფინანსება კი - 863,839 ლარია.
ავტორი: ნიუპრესი