იმერეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრული ონკოლოგიური სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია (R)
ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის„ ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ონკოლოგიური პროფილის პაციენტების მკურნალობასთან. ის 2015 წელს გაიხსნა და დაკომპლექტებულია ულტრათანამედროვე აპარატურით, მაღალპროფესიონალი კადრებით.
ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში სამედიცინო მომსახურება, დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის ჩათვლით ხორციელდება მულტიპროფილური გუნდის მიერ.
ონკოლოგიის ცენტრი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში 2017 წლის 1 მაისიდან ჩაერთო და მას შემდეგ იმერეთს და დასავლეთ საქართველოს ემსახურება.
ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი ოთხი მიმართულებით ტარდება. ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალებში; საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ასაკის ქალებში; პროსტატის კიბოს მართვა - 50–70 წლის ასაკის მამაკაცებში; კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის პირებში.
კიბოს სკრინინგ პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი თეა ჩინჩალაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ონკოლოგიურმა ცენტრმა გასულ წელს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გამართა უფასო აქცია, ამჯერად პროგრამა გაფართოვდა და იმერეთის გარდა, გურია და რაჭა-ლეჩხუმი მოიცვა. ცენტრის გადაწყვეტილებით, პაციენტთა ინფორმირებულობის მიზნით, დაემატა ორგანიზებული სკრინინგ პროგრამა.
„ჩვენმა ცენტრმა შარშან პირველად იმერეთის მასშტაბით დაიწყო უფასო აქციები. პროგრამის ფარგლებში მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. წელს გაფართოვდა პროგრამა და მოგვმართავენ არა მხოლოდ იმერეთიდან, არამედ გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვთავაზობთ დამატებით სერვისს, ეს არის ორგანიზებული სკრინინგი, რაც გულისხმობს, მოსახლეობის ტრანსპორტირებას - ჩამოყვანას და წაყვანას. ჩვენ ვგეგმავთ, ვუთანხმდებით ჯგუფებს და მათ ტრანსპორტირებას ვახდენთ კლინიკაში. ზოგადად, სკრინინგი გულისხმობს დაავადების ადრეულ გამოვლენას ასაკობრივ ჯგუფებში. ეს არის ძუძუს და საშვილოსნოს სკრინინგი ქალებში, პროსტატის მამაკაცებში და ნაწლავის - ქალებსა და მამაკაცებშიც. აქ მოსულ პაციენტს საიმედო გარემო ხვდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, მამოგრაფიის და გინეკოლოგიური კაბინეტები და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი. მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოინდომონ პროგრამაში ჩართულობა, რადგან დროული გამოვლენა მნიშვნელოვანია,“-განაცხადა თეა ჩინჩალაძემ.
მამოგრაფიის მიმართულებით პაციენტებს ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრის მამოლოგიური სამსახურის მიმართულების უფროსი გიორგი შიოშვილი ემსახურება. გიორგი შიოშვილი აქცენტს მოსახლეობის ინფორმირებულობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ნელი ტემპით, მაგრამ მოქალაქეთა მიმართვიანობა იზრდება.
„ქალთა პოპულაციაში ძუძუს კიბოს ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტატისტიკური მონაცემებით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, ადრეულ სტადიაში კიბოს გამოვლება და მისი დროული მკურნალობა. ამისთვის 2016 წელს დაიწყო სკრინინგის პროექტი, რამაც 40%-ით გაზარდა დაავადების გამოვლენები ადრეულ სტადიაზე.
ძუძუს კიბოს გარდა, არსებობს კიბოს წინარე დაავადებები, რომლის გამოვლინებაშიც გვეხმარება სკრინინგი, თუმცა როდესაც დაიწყო პროგრამა, იყო ცენტრალიზებული და მხოლოდ თბილისში ტარდებოდა. დღეს შესაძლებელია მთელ საქართველოში და ნებისმიერ სოფლამდე შეგვიძლია მივიდეთ და მივიტანოთ ინფორმაცია, მოვახდინოთ მოქალაქეთა ჩართულობა და გამოკვლევა. ძუძუს სკრინინგის შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვაა და ვემსახურებით 40-დან 60 წლამდე ქალბატონებს.
გარდა კვლევებისა, ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ინფორმაცია მივიტანოთ მოქალაქეებამდე და რომ მათ შეძლონ მოსვლა. ნელი ინტენსივობით, მაგრამ მომართვიანობა იზრდება, ამიტომ გაიზარდა დროული გამოვლენა, რაც მნიშვნელოვანია შედეგისთვის. მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთონ აქციაში,“-განაცხადა გიორგი შიოშვილმა.
სკრინინგ პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საშვილოსნოს ყელის კვლევა. ონკო-გინეკოლოგი მარინე სიმსივე აცხადებს, რომ როგორც სხვა შემთხვევაში საშვილოსნოს სკრინინგის დროსაც დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია, რაც განაპირობებს გამოჯანმრთელებას.
„ადრეული გამოვლენა განკურნებადია. პროგრამა მოიცვას 25-დან 60-წლამდე ქალბატონთა გამოკვლევას. იმის მიხედვით, თუ რა გამოვლინდება, იგეგმება შემდგომი პროცედურები, კვლევები ღრმავდება და ამის მიხედვით ინიშნება მკურნალობა“,-განაცხადა მარინე სიმსივემ.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ასევე ჩართულია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი, სადაც შესაძლებელია პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება.
კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რითაც ხდება ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნება.
ავტორი: ნიუპრესი