იმერეთში ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები შექმნა, ზოგან თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს
იმერეთში ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები შექმნა. მხარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მხარის მასშტაბით საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, 300-მდე სოფელი გაიწმინდა, 73 სოფელში კი ისევ შეფერხებაა.
,,მეორე დღეა იმერეთში გადაუღებლად თოვს და შესაბამისად გარკვეული შეფერხებები შეიქმნა საავტომობილო გადაადგილების კუთხით. დღეს 73 სოფელში გვაქვს შეფერხება, თუმცა ყველა სამსახური მუშაობს, ასევე ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ტექნიკაც მობილიზებულია მუნიციპალიტეტებში, რომ დროულად გაიწმინდოს მისასვლელი გზები ყველა სოფელში. ამ ეტაპზე 50 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია და რა თქმა უნდა ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, პრობლემის დროულად მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული კომპანია ,,ენერგო-პრო“. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში გზებიც გაიწმინდოს და ელექტროენერგიაც აღუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს“ - ზვიად შალამბერიძე.
რეგიონის მასშტაბით გაწმენდით სამუშაოებში 90 ერთეული შესაბამისი ტექნიკაა ჩართული. თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით. კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” შესაბამისი ჯგუფები პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ახორციელებენ სამუშაოებს.
ავტორი: ნიუპრესი