|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში PCR ტესტის ყალბის ცნობის გაცემის ფაქტზე ორი პირი ამხილეს, ერთი დააკავეს

იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი კლინიკაში  კორონავირუსის PCR ტესტის ყალბის ცნობის გაცემის ფაქტზე ორი პირი ამხილეს, მათგან ერთი დააკავეს,  - ინფორმაციას  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცრხცელებს.

სამსახურის ცნობით,  დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი