|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოანე გამრეკელი ხედავდა, როგორ გამიყვანეს და დამიწყეს ცემა - "ფორმულას" ჟურნალისტი

თბილისში დღეს განვითარებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია 15-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი. თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფები, რომლებმაცვ ჯერ პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები დაარბიეს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას ძალადობრივ აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ. 

ის პარლამენტის კიბეებზე განლაგებულ სასულიერო პირებთან მივიდა, სადაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, იოანე გამრეკელიც იდგა. წვერავას სწორედ მისთვის სურდა კითხვის დასმა, როცა მას ხელი ჰკრეს და სცემეს.

რატი წვერავა ყვება: 

"დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა ინციდენტი და ამ დრომდე არ გამოჩენილა სასწრაფო დახმარება. სავარაუდოდ, მაქვს ტვინის შერყევა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება. 

200 მეტრზე მათრიეს. ასამდე ადამიანი მირტყამდა ისე, რომ არც ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა, რომელიც გადამეფარებოდა. ქაშვეთის ეკლესიასთან ჩასასველში ერთადერთი პოლიციელი გამოჩნდა, მაგრამ ის უძლური იყო. ბრბო მირტყამდა, არ აინტერესებდა, ჟურნალისტი ვიყავი თუ არა. სასულიერო პირები და აქციის ორგანიზატორები. პერანგი მეცვა და შემომახიეს. მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა და ვიგუდებოდი, ვითხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი და არავინ დამეხმარა. უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. სიტყვიერად და ფიზიკურად ხომ გვიპირისპირდებოდნენ, ერთი ნაბიჯია, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან.

მეუფე იოანე გამრეკელისთვის კითხვა უნდა დამესვა, რატომ იყო მოსული და მოსწონდა თუ არა ის, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს უნდა მეკითხა სასულიერო პირისთვის, რომელიც მოგვიწოდებს, რომ უნდა ვიყოთ მშვიდობიანები. და თავად იოანე გამრეკელი ხედავდა, როგორ გამიყვანეს და დამიწყეს ცემა". - ამბობს ჟურნალისტი. 

 შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე შსს-მ ძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ძალადობრივ ქმედებებისათვის არავინ დაუკავებიათ.

ავტორი: ნიუპრესი