იოსებ ხახაეიშვილი - „თქვენთან ერთად მინდა ქუთაისი - ჩვენი დიდი ტრადიციების ქალაქი, ინოვაციების ქალაქადაც ვაქციოთ“
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მე იმ ქალაქის უკეთესი მომავლისთვის მოგმართავთ, რომლის სიყვარულშიც მთელი ცხოვრება ვეცილებით ერთმანეთს. ახლა ამ სიყვარულის ყველაზე დიდი ესტაფეტაა და თქვენი განსაკუთრებული მხარდაჭერის იმედი მაქვს, თქვენი გონიერების, ნიჭის და განათლების! ქუთაისი მერობას რომ განდობს, ვიცი, ერთდროულად რა საამაყო და რთულია. თანაც, მეორედ! ვიცი, რადგან ამ ბედნიერ ქალაქში დავიბადე, ვცხოვრობ და აქედან წასვლა არასდროს მიფიქრია. დაბადებიდან ამ უბნებით, ამ ქუჩებით, ამ ხმებით და ადამიანებით შევეჩვიე ყოველ დღეს, საქმის კეთებას, მიზნის მიღწევას. ბავშვობაში, ქუთაისი ჩემთვის მშობლიური სკოლის მემორიალურ დაფაზე წაკითხული სახელებით სიამაყე იყო. მეოცე საუკუნის დასაწყისში, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა საქართველოში, თუ რაიმემ და ვინმემ შეცვალა ამ ქვეყნის კულტურა, მეცნიერება, ისტორია და განვითარების გზა, ჩემი სკოლის კედლებს, ამ ულამაზეს შენობას უკავშირდება. ქუთაისი იყო და არის ჩემთვის ნამდვილი სამოქალაქო ღირებულებების (ევროპულს რომ უწოდებენ) ტრადიციული ქალაქი. ქუთაისელები კი ის ადამიანები არიან, ქველმოქმედება რომ სახალხო დღესასწაულად აქციეს და დღემდე გვირილებით ხვდებიან მაისის თვეს ამ სავარდო ქალაქში. წინა საუკუნის „ქუთაისელი ბიჭები“ თითქმის ყოველ დღე ნიკო ნიკოლაძის ნასახლარზე, საბა კლდიაშვილის სკვერის კუთხეში ან ბაღის კიდეზე სხდებიან და ქალაქის კოლორიტებს იხსენებენ. აქ თუ სამი ოთარი, ბაყუჩია, სულიკო თორთლაძე, ილო ფოტოგრაფი და სოსოია ხარაბაძე იცი, ან მამაშენის მეგობარი რომელიმე ყოფილა, მისიანი ხარ. ესე იგი, ნაღდი ქუთაისელი. მიყვარს ეს განცდა. გაბრიაძის პერსონაჟებით სავსეა ეს ქალაქი. სანახაობა და ერთადერთობა გვიყვარს. პროტესტიც კი შემოქმედებითი აქვთ და იმერული ესთეტიკის. ერთ ამბად დადის, „პოგრომის“ დროს, როგორ გამოიტანეს ქუთაისელებმა ოჯახიდან როიალი, ქუჩაში დადგეს და ებრაელების სოლიდარობისთვის ებრაული წარმოშობის კლასიკოსების რეპერტუარი დაუკრეს. ასეთ ქალაქში ვცხოვრობთ. ქალაქში, სადაც ცისფერი ყანწების მანიფესტი სპექტაკლივით დაიბადა. ქალაქში, სადაც კოტე მარჯანიშვილმა „ურიელ აკოსტაზე“ ქუთაისელი პატარა ბიჭი, მომავლის ხელოვანი, პეტრე ოცხელი მიიწვია და შედევრი შექმნა. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენს ქალაქში უფრო ბევრი ღიმილიანი სახე იყოს, უფრო ბევრი ლამაზი ქუჩა, უფრო ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის ოცნება ახდეს, მემორიალურ დაფებზე ჩამონათვალი უსასრულოდ გაგრძელდეს, სტუმრის მასპინძლობა გვიხაროდეს, ახალს ვაშენებდეთ და ძველს ვუვლიდეთ! ამიტომ, თქვენთან ერთად მინდა ქუთაისი - ჩვენი დიდი ტრადიციების ქალაქი, ინოვაციების ქალაქადაც ვაქციოთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შემაჯამებელ შეხვედრაზე.
ავტორი: ნიუპრესი