|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალურ საკონსულოს უხელმძღვანელებს

ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალურ საკონსულოს უხელმძღვანელებს.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გენერალური საკონსულოს გახსნისთვის საჭირო პროცედურები პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 11 თებერვალს დასრულდა.

მათივე ცნობით, იოსებ ხახალეიშვილი საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

„გენერალური საკონსულო დაფარავს შემდეგ ოლქებს: ლუბესკიე, მალოპოლსკი, პოდკარპაცკი, შვიეტოკშისკი. გენერალური საკონსულო ქალაქ კრაკოვში იქნება განთავსებული და გახსნის ოფიციალური ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება.

გენერალური საკონსულო მომსახურებას გაუწევს ზემოაღნიშნულ საკონსულო ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

„საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა პოლონეთში, არის ქართველი და პოლონელი ხალხის ისტორიული თანამშრომლობის შედეგი და მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების ძალიან კარგი შესაძლებლობა. მადლობა პოლონურ მხარეს ამ საქმის მხარდაჭერისათვის.
იწყება ჩემი, პირველი, საერთაშორისო როტაცია ჩემთვის მართლაც გამორჩეულ ქვეყანაში.
წინ ბევრი გამომწვევებია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ!
ვემსახურები საქართველოს!", - დაწერა ხახალეიშვილმა ფბ-ს საკუთარ გვერდზე

შეგახსენებთ, იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მერის პოსტი ვადაზე ადრე, 2024 წლის ივნისში დატოვა, როგორც ის ფბ პოსტში წერდა,  საქმიანობას სხვა თანამდებობაზე გააგრძელებდა. „დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ", - წერდა ხახალეიშვილი 2024 წლის 18 ივლისს. 

ავტორი: