ისინი სახალხო რისხვით და ყველაფრის წალეკვით დაემუქრნენ სახელმწიფოს - შალვა პაპუაშვილი ISFED-ზე
ისინი სახალხო რისხვით და ყველაფრის წალეკვით დაემუქრნენ სახელმწიფოს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "სამართლიანი არჩევნების" შესახებ განაცხადა, რითაც ახსნა მიზეზი, თუ რატომ არ იწვევენ ამ ორგანიზაციას საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში.
მისი თქმით, ISFED-ი ივნისში გამართულ საპროტესტო აქციებში იყო ჩართული, სადაც მთავრობის ცვლილებას და დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ.
ულტიმატუმის პასუხად, პაპუაშვილი სხვა ულტუმატუმს ასახელებს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფში ჩართვას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამ განცხადებას გაემიჯნება.
"გავზარდეთ ეს წარმომადგენლება წინა პრაქტიკასთან შედარებით და ორი ორგანიზაციაა, რომელიც ამავე დროს არის არა ფიქსირებულად სამუშაო ჯგუფის წევრი, არამედ როტაციის პრინციპია და შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას პლატფორმიდან მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იყვნენ ულტიმატუმის ავტორები და საქართველოს სახელმწიფოს უყენებდნენ ულტიმატუმს, მათ შორის იმ მუქარით, რომ თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდებოდა, ისინი სახალხო რისხვით და ყველაფრის წალეკვით დაემუქრნენ სახელმწიფოს, აქ მანამ, სანამ მათი პოზიცია არ იქნება ცხადი, ინარჩუნებენ თუ არა ამ ულტიმატუმს, რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში მათი მოწვევა არ არის განზრახული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართო.
ავტორი: ნიუპრესი