„ისტორიები ცვლილებებზე" - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კამპანიას იწყებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე". ვიდეოების ეს სერია წარმოაჩენს იმ ადამიანების ისტორიებს, რომელთა ცხოვრება და გარემო პირობები ევროკავშირის ინიციატივების შედეგად შეიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ისტორიები ცვლილებებზე" გვიყვება ევროკავშირის პროექტებზე და ამავდროულად, გვაცნობს იმ დადებით გავლენას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. პერსონალური ისტორიების გაზიარებით ვიდეოები აჩვენებს ევროკავშირის მხარდაჭერის რეალურ და გრძელვადიან სარგებელს და ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს წარმატება საკუთარ თავზე გამოსცადეს, მათ შორის არიან მეწარმეები, ფერმერები, სტუდენტები, სოციალური აქტივისტები და სხვა. ეს ისტორიები ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოში მდგრადი განვითარების, სოციალური ერთობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისადმი“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.
კამპანიის „ისტორიები ცვლილებებზე“ დაწყება, ევროკავშირის მხარდაჭერის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოსახლეობას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ეტაპია.
ის ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას უდევს საფუძვლად, მათ შორის მდგრადობას და მუდმივ პროგრესს.
ავტორი: ნიუპრესი