“ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“ - პეტიციას 10 ათასი ადამიანი შეუერთდა
10 000 ადამიანი შეუერთდა პეტიციას “ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“. მისი მოთხოვნა სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაა.
მოქალაქეთა ხელმოწერები ოფიციალურ მოთხოვნებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს გაიგზავნა. კვლევები აჩვენებს, რომ გაკვეთილებს მოსწავლეები ძირითადად მშივრები ესწრებიან, რაც მოზარდების განათლების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
„გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ.
„ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული.
პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ:
• იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა.
• სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი.
• განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით”. – წერია კოალიციის განცხადებაში.
პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით გაკეთდა, პეტიციას განათლების კოალიცია და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები შეურთდნენ.
ავტორი: ნიუპრესი